15-08-2018
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს ქალაქ პლურინ-ლე-მორლეს ჟანდარმერიის სამსახურმა ქართული წარმოშობის სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით მიმართა.
ფრანგი სამართალდამცველები 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერში და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ქურდობის ბრალდებით 1 პირი იძებნებოდა.
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს კი საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს.
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
14 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით დაკავებული ა.ჯ. საფრანგეთის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
19-12-2024
18-12-2024