24-05-2023
რუსთაველის ეროვნული თეატრის დარბაზში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე მიიღო.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გელა გელაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირს, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ევროპული სკოლის 38 კურსდამთავრებული, რომლებმაც ორწლიანი ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამა წარმატებით დაასრულეს, სწავლას, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, მსოფლიოს ისეთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებს, როგორებიცაა – ჰარვარდის, იელის, ბრაუნის, ჰონგ-კონგის და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის დიდ წარმატებას საქართველოში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროპული სკოლის პროექტს რეგიონში ანალოგი არ ჰყავს და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოში, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას სთავაზობს.
16-11-2024
16-11-2024