24-05-2023
სამწუხაროდ, პოლარიზაცია ხანდახან წახალისებული და დაფინანსებულია, მათ შორის, ევროპული ფონდების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ „დროაზე“, როდესაც ვსაუბრობთ „ევროპული საქართველოს“ ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც პარტიული ორგანიზაციებია და როდესაც ვსაუბრობთ „სირცხვილიაზე“, ეს გახლავთ ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დაკავებული არიან გარემოს პერმანენტული პოლარიზებით. ორგანიზაცია „სირცხვილიას“ დასახელებაშიც კი პოლარიზაცია დევს, რომ რაღაც ესირცხვილებათ, ესეც კი ჩადებულია ამ ორგანიზაციაში და, რა თქმა უნდა, როდესაც ამის დაფინანსება ხდება ევროპული ფულით, ვფიქრობთ, მაშინ თავად ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს, რამდენად არის თავად გულწრფელი და კეთილსინდისიერი საქართველოს მიმართ, როდესაც, ერთი მხრივ, დეპოლარიზაციას გვთხოვს და, მეორე მხრივ, ხელს არ უშლის, პოლარიზაცია პირდაპირ ფინანსდებოდეს ევროკავშირის მოქალაქეების ფულით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, შემოდგომაზეც პოლიტიკურმა მდგენელმა იმოქმედოს და სტატუსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს საქართველოს მხრიდან რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიღებამ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არმინიჭება უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რაც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შეფასებამაც დაადასტურა და, შესაბამისად, წელსაც, გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში უნდა იქნას მიღებული, დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონტექსტზე, რომელიც ამ წლის ბოლოს იქნება.
„გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნება მიღებული. ჩვენი მხრივ, რაც შეეხება კრიტერიუმებს, მზადყოფნას და ა.შ., როგორც შარშან ივნისში ვიყავით მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ და ვიმსახურებდით ამ კანდიდატის სტატუსს, ისევე ვიმსახურებდით იანვარში, როგორც დასკვნამ აჩვენა, ახლაც ვიმსახურებთ და დეკემბერშიც ასევე დავიმსახურებთ. ყოველი დღე, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ პოლიტიკას ღიად, კეთილსინდისიერად ვაცხადებთ პირველივე დღიდან და, სხვათა შორის, პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვენი პოლიტიკაა, უზრუნველვყოთ ევროკავშირის სანქციების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე ან გვერდის არავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით; და მეორე, არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. გაიხსენეთ მათ შორის, ელჩების თუ სხვათა განცხადებები, სადაც ამბობენ, რომ არავინ არ სთხოვს საქართველოს, დაუწესოს დამატებითი სანქციები რუსეთს. ეს პირდაპირ ციტირებაა სხვადასხვა ელჩის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა მზად ევროპა სტატუსის მინიჭებით გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად რეგიონთან მიმართებაში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს უკვე ბევრ დონეზეა გააზრებული.
„ევროპა ხედავს, რომ ეს უნდა იყოს გეოპოლიტიკური მოთამაშე და მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ამაში კიდევ ერთხელ პრაგმატული აზრია ჩადებული, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოზე გადის ძირითადი დამაკავშირებელი დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, მათ შორის, არის გადაწყვეტილება რეგიონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამას რეგიონშიც ყურადღებით უყურებენ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს, სინამდვილეში, ბურთი არის არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზე; ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გამოიჩინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ევროკავშირში გადაფასდა მაკრონის მითითება გეოგრაფიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ, უბრალოდ, გეოგრაფიასა და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით ამ მითითებას ევროკავშირში სხვა კუთხით შეხედავენ.
„რა თქმა უნდა, ეს არის გეოგრაფია და ეს არის გეოპოლიტიკა, მაგრამ ამ გეოპოლიტიკას შეხედავენ, როგორც სარგებელს, საჭირო ნაწილს და არა პირიქით, როგორც ზედმეტ ნაწილს ევროკავშირისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024