16-08-2018
სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. იგი ამ წუთებში უწყების შენობაში იმყოფება. მაჩალიკაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის ტერორიზმში ხელშეწყობის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკითხონ.
"თუკი მე ტერორიზმის ხელშეწყობაში მადანაშაულებენ, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. გამორიცხული არაა, რომ ამ კუთხით ბრალიც წარმიდგინონ. ამ სახელმწიფოში გამორიცხული არაფერია. ალბათ, ახლა ის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ"-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატის ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილს უწყება მართლაც ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაჰკითხავს. მისივე თქმით, გაუგებარი და უცნაურია, რატომ მაინცდამაინც ახლა, ამდენი ხნის შემდეგ გახდა აუცილებელი მაჩალიკაშვილის დაკითხვა და რატომ არ დადგა ამის საჭიროება გაცილებით ადრე, როცა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ მოკვლევა დაიწყო.
"ის დღეს დაიკითხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. როგორც იცით, ამ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დადგა სასამართლოს განაჩენი, თუმცა როგორც საგამოძიებო ორგანომ განგვიმარტა, საქმის რაღაც ნაწილი გამოყოფილია და გარკვეუილი პირების მიმართ კვლავ გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, სწორედ ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ბატონი მალხაზი. ბუნებრივია, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მისი დაკითხვა აუცილებელი, მაშინ როცა გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კონკრეტული პირების მიმართაც დადგენილია განაჩენი და ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა კითხვები მაჩალიკაშვილთან?"-განაცხადა ჩუთლაშვილმა.
19-12-2024
18-12-2024