26-05-2023
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე; მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით.
„გასულ წელს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი გავაკეთეთ და ევროკავშირისგან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია; მაგრამ ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს.
დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას" , - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024