6-06-2023
„საქართველოში კეთილდღეობის დონე თუ არ იქნა გარკვეულ სიმაღლეზე, რაც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ისე ჩვენ არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ამდენად, გარდა დემოკრატიული კრიტერიუმებისა, უნდა დავაკმაყოფილოთ ეკონომიკური კრიტერიუმებიც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა.
სეფაშვილის თქმით, რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, აქედან 90% შესრულებულია. დარჩენილია დეპოლარიზაცია, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლება მარტო ვერ შეასრულებს.
„12 პუნქტს რაც შეეხება, დაახლოებით 90%-ია შესრულებული, დარჩენილია პროცედურული საკითხები, ანუ პოლიტიკური შეთანხმება და კონსენსუსი ამ საკითხებზე უკვე მიღწეულია და მხოლოდ პროცედურული საკითხებია დარჩენილი. ერთი პუნქტი რჩება შესასრულებელი, რომელსაც ჩვენ მარტო ვერ შევასრულებთ, რადგან ეს არის დეპოლარიზაცია, თუმცა სხვათაშორის, აქ ვეროკავშირს შეუძლია თავისი პოზიტიური როლი ითამაშოს - მოგვანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი და ამით შეაჩეროს ასეთი დიდი და ღრმა პოლარიზაცია საქართველოში. აქვე აღვნიშნავ, რომ გარდა 12 რეკომენდაციისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, სადაც მთელი რიგი ევროდირექტივები გვაქვს განსახორციელებელი და დასანერგი საქართველოს სინამდვილეში.
შარშანწინ დაიწერა ასოცირების დღის წესრიგი და ეს არის გაწერილი კონკრეტული ქმედებები, რა და როგორ უნდა გააკეთოს საქართველომ - რომელი კანონების იმპლემენტაცია უნდა მოახდინოს, რომელი ინსტიტუტები დანერგოს/გააძლიეროს, რა მიმართულებით, რა კუთხით და ა.შ. ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ასოცირების შეთანხმების 60% შესრულებულია, თუმცა არის მთელი რიგი სფეროებისა, სადაც გაცილებით მეტია შესრულების დონე - 65%, ან ზოგან მაგალითად 90% გვაქვს შესრულება. გარდა ამისა, არის კიდევ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც რატომღაც ძალიან ნაკლებ ყურადღებას უთმობენ - ეს არის საქართველოს ეკონომიკური განვითარება.
საქართველოში კეთილდღეობის დონე თუ არ იქნა გარკვეულ სიმაღლეზე, რაც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ისე ჩვენ არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ამდენად, გარდა დემოკრატიული კრიტერიუმებისა, უნდა დავაკმაყოფილოთ ეკონომიკური კრიტერიუმებიც, რომლებიც საკმაოდ რთული მისაღწევია, თუმცა ახლა გადავხედე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, მთავრობის მიერ წარმოდგენილ შესრულების პროგრამას და საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია და ამ მიმართულებით არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ ეს ყველაფერი დინამიკაში ვერ გაგრძელდება, თუ არ გვექნება მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება - ეს არის ყველა ის აუცილებელი წინაპირობები, რომლებიც აუცილებელია როგორც დემოკრატიის მშენებლობისათვის, ასევე, ეკონომიკური განვითარებისათვის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024