8-06-2023
შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული ოცნების განხორციელებისკენ. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რჩება მნიშვნელოვან იარაღად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში.
2014 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში პროგრესის მისაღწევად. საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა.
ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა, ასევე აღიარებულია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი გრძელვადიანი კონსტიტუციური მიზანია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი, საქართველო ისწრაფვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა წინსვლისა და ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასაკავებლად.
გასულ წელს საქართველომ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ევროპული ოცნების განხორციელებისკენ. ჩვენ მივუძღვენით საკუთარი თავი ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა სრულად არის შესრულებული. მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ (როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა ) ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024