9-06-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მურზალინ მალიკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მურზალინ მალიკს გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები და მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.
ელჩმა მურზალინ მალიკმა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ქართველი და ყაზახი მეცნიერებისა და სტუდენტების აქტიურ თანამშრომლობაზე სურვილი გამოთქვა. ელჩის ინფორმაციით, ყაზახეთის მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებს გადასცემს.
შეხვედრაზე თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის გამართვა დაიგეგმა, რომელშიც ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე, გადაწყდა, რომ თსუ-სა და ყაზახეთის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
16-11-2024
16-11-2024