22-06-2023
„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. არც ხელისუფლება და არც რომელიმე სხვა სუბიექტი არ უნდა ცდილობდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას“- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მოითხოვს მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას.
კითხვაზე არის თუ არა მოლოდინი, მოსამართლეებს დაუწესდეთ პირადი სანქციები, კობახიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.
„მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა, ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ იმის საშუალებას ბუნებრივია სხვასაც ვერ მივცემთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა - ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024