ნანა კაკაბაძე: პოლიტიკოს-ანალიტიკოსები ისე არიან დაბრმავებულები ერთდღიანი წარმატებით, სულ არ აინტერესებთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პრიგოჟინის გამარჯვებას და მის მიერ ძალაუფლების ხელში აღებას უკრაინისთვის ან საქართველოსთვის
26-06-2023
„საქართველოში და მხოლოდ საქართველოში, იხტიბარს არ იტეხენ "გოუ, გოუ ჟენია" "პოლიტიკოსები" და "ექსპერტები". რაც უნდა 180 გრადუსით ცვალონ პოზიციები (თაკო, გუბაზი, ოქრუაშვილი, გახარია, ხუხაშვილი, გიორგი თარგამაძე და სხვები), პოლიტიკიდან წასვლის ან თუნდაც ჩრდილში გადასვლის ნაცვლად ისევ ყელყელაობენ და მუდამ პოლიტიკის ავანსცენაზე ყოფნას ცდილობენ“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს დალოცვილი პოლიტიკოს-ანალიტიკოსები ისე არიან დაბრმავებულები და აჟიტირებულები ერთდღიანი წარმატებით, რომ სულ არ აინტერესებთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პრიგოჟინის გამარჯვებას და რუს პინოჩეტად ქცეული ამ პერსონის მიერ ძალაუფლების ხელში აღებას უკრაინისთვის ან საქართველოსთვის.
“მეტი ბრძოლა, მეტი ჟინი წინ მიიწევს პრიგოჟინი. (ნუგზარ წიკლაური) პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკის სიახლოვეს მყოფი ათასი ჯურის ექსპერტებისთვის ყველაზე დიდი კაპიტალი მაღალი რეპუტაციაა, რისი შექმნის, გაზრდისა და შენარჩუნებისთვისაც იბრძვის ამ პროფესიის ნებისმიერი ადამიანი ყველა ქვეყანაში. საქართველოში და მხოლოდ საქართველოში, იხტიბარს არ იტეხენ "გოუ, გოუ ჟენია" "პოლიტიკოსები" და "ექსპერტები". რაც უნდა 180 გრადუსით ცვალონ პოზიციები (თაკო, გუბაზი, ოქრუაშვილი, გახარია, ხუხაშვილი, გიორგი თარგამაძე და სხვები), პოლიტიკიდან წასვლის ან თუნდაც ჩრდილში გადასვლის ნაცვლად ისევ ყელყელაობენ და მუდამ პოლიტიკის ავანსცენაზე ყოფნას ცდილობენ. არადა, ყველაზე მძიმე განსაცდელი ამ პროფესიის ადამიანებისთვის წესით სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენა უნდა იყოს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიხილეთ 2 დღის წინ პოლიტიკოსებისა და ე. წ. ანალიტიკოსების მთელი ქართული კოჰორტა. განსაკუთრებით სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზის ისეთი დიდოსტატები, როგორებიც არიან გია ხუხაშვილი, ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია და სხვები.
აღარაფერს ვამბობთ სალომე-ხაზარაძე-ვაშაძეზე და სხვა გრანდებზე. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ სასაცილო იდიოტობებს წერდნენ ეს ჩვენი ბრძენთა-ბრძენი "პოლიტიკოსები" და "ანალიტიკოსები", არამედ ის, თუ როგორ შეხვდნენ თავიანთ გაფარჩაკებას მეორე დღეს ეს აზრის გიგანტები. გია ხუხაშვილი: “გუშინდელი ჩემი, თუ გნებავთ სასურველი სცენარი რუსეთთან დაკავშირებით, სამწუხაროდ არ გამართლდა. როცა კონფლიქტის ორივე მხარე ნაძირალაა, ისინი ყოველთვის შეიძლება გარიგდნენ. ამიტომ პოსტი წავშალე, რამაც დიდი ჟივილ-ხივილი გამოიწვია პრო-რუსულ ბანაკში, რომლებიც ზეიმობენ პუტინის გადარჩენას… საოცარი ხალხია”. ე. ი. აქეთ შემოგვიტია ყველას და სამი ახალი ტყუილით სცადა თავის მართლება:
- ეს უბრალოდ, სავარაუდო კი არა, სასურველი სცენარი იყოო (არადა, პირდაპირ ეწერა, რომ მისი პროგნოზი იყო მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი).
- რა უნდა ველაპარაკო, ორივე მხარე ნაძირალააო (არადა, აშკარად გულშემატკივრობდა გამოკვეთილად უფრო სასტიკ და კაცი¬ჭამია ფაშისტს) და
- ჩემი პოსტის წაშლამ პრო-რუსულ ბანაკში ჟივილ-ხივილი და პუტინის გადარჩენის გამო ზეიმი გამოიწვიაო. ეეხ, ჩემო დიდო ანალიტიკოსო, საით გადაგაქვს აქცენტები, ვინც დასაცინის გამო დაგცინებს, თუ ყველას პრო-რუსს და პუტინისტს დაარქმევ, გგონია, რომ დასაცინი აღარ იქნები? ხომ ხედავ, პოლიტიკის ანალიზებში ვერ ქაჩავ და იქნებ სხვა რამის ანალიზებით დაკავდე... ნიკა გვარამიამ, რომელმაც ტრაბახი დაიწყო იმით, რომ მისთვის გათავისუფლება თვით ევგენი პრიგოჟინს მიულოცია, მეორე დღეს იხტიბარს არ იტეხდა და წერდა: „კაცმა ("პოვარმა") 20 ათასი სამხედროთი და "ზეკით" მოსკოვამდე შეუფერხებლად ჩაისეირნა, ყველა თანამდებობის პირი და ოლიგარქი ქვეყნიდან გააქცია, მერე გადაიფიქრა და უკან გაბრუნდა და სადღაც დაბანაკდა (ანუ ისევ ცოცხალია) და თუ მოეპრიანა, შეიძლება, კიდევ ჩაისეირნოს, ან სულაც დამკაში გავიდეს. ხო, სუპერსახელმწიფოა რუსეთი და პუტინი კიდევ- უძლეველი, აუცილებლად, აბა რა!“ შე კაი კაცო, გუშინ მაგ კაცის მილოცვით ამაყობდი და დღეს „პოვარი“ რატომ გახდა? გულდაწყვეტილი ელენე ხოშტარია კი ასე იმშვიდებს თავს: „ხალხო, გასაგებია, რომ ჰოლივუდის ჟანრში სხვა დინამიკას ველოდით, მაგრამ ობიექტურად, რუსეთი ძალიან დასუსტებული გამოჩნდა და ბევრი ხვრელი გაშიშვლდა“. დემენციისგან განკურნებულმა მიშამ პალატიდან მაშინვე სცადა საკუთარი დამსახურების გამოკვეთა: „რუსეთის დაშლა 2008 წელს დაიწყო (ანუ მე დავიწყეო) და ახლა მთავრდება“,მეორე დღეს იხტიბარი არ გაიტეხა სიტყვა „დაშლას“ „დასუსტებად“ შეცვალა და წერს: „გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება“. კიდევ ერთი ახსნა მოუძებნა ხან პოლიტიკოსმა და ხან ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა საკუთარ აცუნდრუკებას: ჩვენ პრიგოჟინს კი არა, რუსეთში არეულობას ვგულშემატკივრობდით, თქვენ კი ეს არეულობა გაშინებთო. ისიც ახლომხედველობის ნიშანია, როცა არ ფიქრობ, თვითონ ამ არეულობამ ან არეულობის შემდგომმა პერიოდმა რა შეიძლება მოუტანოს შენს სამშობლოს. მოკლედ, იყო პოლიტიკოს-ანალიტიკოსთა შეჯიბრი ემოციების, სურვილების, "სიბრძნისა" და "შორსმჭვერელობის" ფრქვევაში, ხოლო მეორე დღე იქცა უამრავი სისულელის გამართლების და იხტიბარის არგატეხვის მცდელობის დღედ. ეს დალოცვილი პოლიტიკოს-ანალიტიკოსები ისე არიან დაბრმავებულები და აჟიტირებულები ერთდღიანი წარმატებით, რომ სულ არ აინტერესებთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პრიგოჟინის გამარჯვებას და რუს პინოჩეტად ქცეული ამ პერსონის მიერ ძალაუფლების ხელში აღებას უკრაინისთვის ან საქართველოსთვის. ის მაინც წაეკითხათ და გაეანალიზებინათ, რა ღონისძიებების გატარებას ითხოვდა ის პუტინისგან უკრაინის მიმართ. ან იქნებ სალომესავით მართლა ჰგონიათ, რომ თუ საზღვრებს ჩაკეტავენ, საქართველოში ვერც ბომბი და ვერც რაკეტა ვერ შემოაღწევს ჩვენს ტერიტორიაზე? ან იქნებ ამისგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვიცავდნენ? მოკლედ, ჩვენი ბრძენთა-ბრძენი პოლიტიკოს-ანალიტიკოსების მთელი ფილოსოფიის და შორსმჭვრეტელობის არსი ამ პოსტის სათაურით ამოიწურება. ეგ არის და ეგ”-წერს ნანა კაკაბაძე.