10-01-2018
პანკისში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. ის დღეს მისმა ადვოკატმა მოინახულა. როგორც დავით მოდებაძემ შეხვდრის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, საქმის მასალების გადაცემას ელოდება და დასძენს, რომ ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე თემასთან და იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა კავშირი ბრალდებულს ზურაბ გორნაკაშვილსა და ახმედ ჩატაევთან, ვერ ისაუბრებს.
„ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს, არ სურს რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება მედიის წინაშე და ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას, ბრალის წაყენებას და ამის შემდეგ ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამ თემაზე ვერ გესაუბრებით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. იყენებს ის დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ მოგახსენებთ,“ - განაცხადა დავით მოდებაძემ.
ზურაბ იდოიძე გუშინ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.