გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
ამბავი იმერეთის ავხორცი დედოფლისა და მეფედ ქცეული ჭუჭუნიაშვილისა

22-08-2018

XVII საუკუნის საქართველოში უკვე კარგად ჩანს მაჰმადიანური პოლიტიკის შედეგები. თავი იჩინა ფიზიკური, ზნეობრივი და მორალური დაცემის არაერთმა მაგალითმა. სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული ქვეყანა ერთ დღეს რომ გარეშე მტერს ებრძოდა, მოცალეობისას მეფე-მთავრები ერთმანეთს დაერეოდნენ ხოლმე და სისხლსაც უხვად ადენდნენ ისედაც დასუსტებულ ერს. აღარც ნათესაობა ჭრიდა, აღარც მეგობრობას დაგიდევდა ვინმე და „აღარცა ღმრთის შიში აქუნდათ“.


ქართლის, კახეთისა თუ იმერეთის სამეფო კარზე უამრავი ტრაგედია გათამაშდა. ტახტის მაძიებელთა მიერ მამებისა და ძმების მოკვდინება ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ავ-გიორგის დაწყებული კონსტანტინე მირზამ განაგრძო და არც თეიმურაზ პირველი ჩამორჩა, როცა არაგვის ერისთავის მოკვლით საკუთარი ქალიშვილი დააქვრივა.


განგებამ ინება, რომ თეიმურაზის ქალიშვილს, რომელსაც სახელად დარეჯანი ერქვა, დიდი და, სამწუხაროდ, უარყოფითი როლი ეთამაშა იმ დროის საქართველოს ცხოვრებაში.


დარეჯანი 1614 წელს დაიბადა. 15 წლის იყო, როდესაც ქმარი, ზურაბ ერისთავი მოუკლა მამამ და იმერეთის ტახტის მემკვიდრე ალექსანდრეს მიათხოვა.

ალექსანდრეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი —ბაგრატი, მაგრამ მამას ტახტისთვის შეუფერებლად მიუჩნევია და დედულეთში, გურიაში გაუგზავნია.

რადგან დარეჯანი უშვილო გამოდგა, იმერელმა თავადებმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე 15 წლის ბაგრატი აიყვანეს. სწორედ აქედან დაიწყო საოცარი ტრაგედიების ჯაჭვი, რომლის სულისჩამდგმელიც თეიმურაზ მეფის ასული დარეჯანი გახლდათ.


იგი არაფრად აგდებდა ახალგაზრდა მეფეს. ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს, დარეჯანი მეფეც იყო და დედოფალიცო. წყალობის სიგელზე ჯერ მისი სახელი მოიხსენიებოდა და მხოლოდ მერე ბაგრატისა. კარგად რომ გაეკონტროლებინა, ცოლად ძმის, დავითის ასული ქეთევანი შერთო. მალე ამასაც არ დასჯერდა, გერს ცოლთან გაყრა და მასზე ჯვარის დაწერა მოსთხოვა(!). საცოდავმა ბაგრატმა დედინაცვლის წინადადება სასტიკად იუარა და დედოფლის შურისძიებამაც არ დააყოვნა.


დარეჯან დედოფალს მხარდამჭერები არ აკლდა. ისინი ხუთი დღე მსჯელობდნენ, როგორ დაესაჯათ მეფე. ერთნი მის მოკვლას მოითხოვდნენ, მეორენი მხოლოდ დაბრმავებაზე იყვნენ თანახმა და ასეც მოიქცნენ.


საიდანღაც გამოჩხრიკა ბაგრატიონთა შორეული ნათესავი, ვინმე ვახტანგი, რომელსაც ჭუჭუნიაშვილს ეძახდნენ და მასზე იქორწინა. ცხადია, იმერეთის დიდებულებმა ეს უნიჭო და უთვისტომო მედროვე არ იგუეს და დედოფალს ზურგი აქციეს.


საერთოდაც, იმერელთა აზრი სამად იყოფოდა. ერთნი ძლერ მთავარ დადიანს ემხრობოდნენ, მეორენი ქართლის მეფე შაჰნავაზის მხარეს იჭერდნენ, ყველაზე მცირე დასი თვალებდავსებულ ბაგრატს ერთგულებდა, რომელმაც დახმარება ახალციხის ფაშა ასლანს სთხოვა.


უკეთეს მომენტს ვერც ინატრებდნენ და დაიძრა სამივე ძალა ქუთაისისკენ. ყველას ვამეყ დადიანმა დაასწრო. ჟან შარდენის გადმოცემით, მეფე-დედოფალი – დარეჯანი და ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი სწორედ მან შეიპყრო და ამ უკანასკნელს თვალები დასთხარა. მერე კი ქუთაისიდან 12 ურემი ოქრო-ვერცხლი გაუზიდავს.


ამასობაში დანარჩენი ორი მოცილეც მიადგა იმერეთის სატახტოს. ქვეყნის გასაყოფად დიდი ჩხუბი არ მოსვლიათ. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, დარეჯანი და ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი ფაშამ ოლთისს წაასხა და იქ ციხეში გამოჰკეტა, თან სამხრეთში გვარიანი ტერიტორიაც მიიერთა. იმერეთის ტახტზე კი ისევ ბაგრატი ავიდა.


მაგრამ რა მოასვენებდა დარეჯანს?! რაც კი რამ ძვირფასი სამკაული ჰქონია, ასლან ფაშასთვის მიურთმევია და იმერეთის ტახტის დაბრუნებაში დახმარება უთხოვია.


მართლაც, 1668 წლის შემოდგომაზე ახალციხის ფაშა დიდი ამალით დაიძრა ქუთაისისკენ. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს:

ბაგრატ მეფე ქართლში გაიხიზნა, უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა კი ოსმალებმა აიკლეს.


ამან იმერელთა თავმოყვარეობაზე(!) იმოქმედა და ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც დედოფალი ქუთაისის გარეუბანში საქვეყნო საქმეებს არჩევდა, მოულოდნელად ხოსია ახვლედიანი და სეხნია ჩხეიძე მიუხტნენ სახლში. დედოფალი გაკოჭეს და ქუთაისის ციხისკენ გააქანეს. ციხის მცველი ოსმალები წინასწარ იყვნენ მოსყიდულები და საქმეში არ ჩარეულან. ავხორცი დედოფალი შუბით განგმირეს, ჭუჭუნიაშვილს კი თავი მოჰკვეთეს. დარეჯანის ნეშტი მისი მამის, თეიმურაზის პატივისცემით, ჯერ ქუთაისის ყოვლადწმიდის სახელობის ტაძარში დამარხეს, შემდეგ კი გელათში გადაასვენეს.


ასე უსახელოდ აღესრულა უზნეო დედოფლის, დარეჯანის სიცოცხლე. მისმა ისტორიამ ქართულ კულტურაში ორი საუკუნის მერეღა გაიჟღერა. XIX საუკუნის ბოლოს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ დაწერა ოპერა, რომელსაც თავდაპირველად ერქვა „თამარ ცბიერი“. მოგვიანებით, კომპოზიტორმა ოპერის მთავარ გმირს ნამდვილი სახელი დაუბრუნა და მას შემდეგ იგი ცნობილია ახალი სახელით — „დარეჯან ცბიერი“.




sputnik-georgia.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930