30-06-2023
ოპოზიცია ინტელექტუალურად არ არის მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში, ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის განვითარება, ამიტომ არ დაუსვამთ პრაქტიკულად არც ერთი რეალური შეკითხვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წარადგინა დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რა მიმართულებებით როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორი იყო განვითარების ტენდენციები გასული წლის განმავლობაში.
„ეს ანგარიში შეეხებოდა აბსოლუტურად ყველა სფეროს - როგორც ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, ტურიზმს და ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ჯანდაცვის და სოციალურ თემებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, იყო ყველა მნიშვნელოვანი თემა დაფარული იმ მოხსენებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა, შესაბამისად, საზოგადოებას მიეწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვისკითხვები არ დაუსვამს.
„დღეს ვინიშნავდი, მაინტერესებდა, რაიმე კითხვას დასვამდნენ თუ არა ისინი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პრემიერის ყოველწლიური ანგარიში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კითხვები დასვა ქვეყნის განვითარების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით მიიღო პასუხი. პატარა სტატისტიკა ვაწარმოე სხდომის დროს და ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკასთან დაკავშირებით დაისვა ზუსტად ნოლი შეკითხვა, ენერგეტიკა - ნოლი შეკითხვა, რეგიონული განვითარება - ნოლი შეკითხვა, სოფლის მეურნეობის საკითხები - ნოლი შეკითხვა, ტურიზმი - ნოლი შეკითხვა, ჯანდაცვა - ნოლი შეკითხვა, სოციალური დაცვა, სოციალური დახმარების საკითხები - ნოლი შეკითხვა, განათლება - ნოლი შეკითხვა, კულტურა - ნოლი შეკითხვა, სპორტი - ნოლი შეკითხვა.
ოპოზიციის მხრიდან სულ საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე - ორი, საგარეო თემებზე დაისვა სამი უხარისხო შეკითხვა და თავდაცვაზე დაისვა ერთი უხარისხო შეკითხვა. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში არც ინტელექტუალურად არ არის მომზადებული ოპოზიცია, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება. ამიტომ არ დაუსვამთ პრაქტიკულად არც ერთი რეალური შეკითხვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. კიდევ ერთი საინტერესო რამ იყო, როდესაც პრემიერმა აღნიშნა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა. წარმოიდგინეთ მათი დამოკიდებულება. არაფერი სიკეთე არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის, მათ შორის სპორტული წარმატებაც კი არ უხარიათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024