გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სპორტში 30 წლის თავზე გვაქვს უნიკალური შედეგები, პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში და ეს მეტყველებს, რომ ქვეყანა გადავიდა განვითარების სხვა საფეხურზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გუნდურ სახეობებს

1-07-2023

სპორტში, 30 წლის თავზე ჩვენ უნიკალური შედეგები გვაქვს. ისტორიაში პირველად მოხდა რაღაც და ერთი რამ ცალსახად უნდა ითქვას: ეს მეტყველებს, რომ ქვეყანა გადავიდა განვითარების სხვა საფეხურზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გუნდურ სახეობებს, გუნდურ წარმატებებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.

 

„რამდენიმე შედეგი რომ ჩამოვთვალოთ: კალათბურთში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 30 წლის თავზე, პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი წყალბურთელები პირველად მოხვდნენ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის - ესეც პირველად მოხდა 30 წლის თავზე. ჩვენი ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე - ესეც პირველად მოხდა 30 წლის თავზე.

 

ძიუდოში ჩვენი შერეული ნაკრები, ქალებისა და მამაკაცების, პირველად გახდა მსოფლიო პრიზიორი, მესამე ადგილზე გავიდა და ესეც არის წარმოუდგენელი წარმატება. რაგბის რაც შეეხება, 30 წლის თავზე პირველად, მოვუგეთ 6 ერის გუნდებს, თან ზედიზედ ორს. ფეხბურთში ჯერ კიდევ წინ არის მიმდინარე ჩემპიონატი და კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს, მაგრამ, ახალგაზრდები უკვე რომ 8 გუნდში მოხვდნენ, ეს არის წარმოუდგენელი წარმატება. ძალიან ახლოს ვართ ასევე ევროპის ჩემპიონატთან. პირველად, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა "სერია ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელი.

 

პირველად, ჩვენი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე განცხადებით, სპორტის კონკრეტულ სახეობებში ჩადებულ ინვესტიციებს ოპოზიცია „წყალში გადაყრილ ფულს“ უწოდებდა. კობახიძემ ხაზი გაუსვა რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებულ პირად დაფინანსებასაც და აღნიშნა, რომ სპორტში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები შემთხვევითი არ არის. „მე მინდა შეგახსენოთ ოპოზიციის რეაქციებიც იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც იდებოდა სპორტის კონკრეტულ სახეობებში. მაგალითად, ფეხბურთი რომ ავიღოთ, ჩაიდო მილიონობით ინვესტიცია და ამაზე მახსოვს "ნაცმოძრაობის", "გირჩელების" და ა.შ.

 

გამოსვლები, რომ ეს იყო წყალში გადაყრილი ფული და ა.შ. - შედეგი არის სახეზე. რაგბის რაც შეეხება, სახელმწიფო ინვესტიცია ცალკე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 100 მილიონი აქვს მარტო თავისი ფული ჩადებული რაგბიში - შემთხვევით არ მოდის ასეთი წარმატება, რასაც აკეთებს ჩვენი ნაკრები, რასაც აკეთებენ ჩვენი ახალგაზრდები, გუშინ რა თამაშიც მოიგეს, ეს რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მოდის. ეს ყველაფერი არის კონკრეტული ინვესტიციების შედეგი და იმის შედეგი, რომ 30 წლის თავზე, ჩვენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მე-11 წელს, განვითარების სხვა საფეხურზე გადავედით, ეს ყველაფერი ამის მანიშნებელია“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონკრეტული წარმატებული ადამიანების მიმართ ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ ბულინგზე და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ.

 

„ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, თითოეული იმ ადამიანით, რომელსაც თავისი წილი წარმატება მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, აქაც ვხედავთ, რომ ოპოზიციას შურს თითოეული ამ ადამიანის და განსაკუთრებული ბულინგის მსხვერპლი არიან სწორედ ყველაზე წარმატებული ჩვენი თანამოქალაქეები. გახსოვთ ბულინგი კონკრეტულ სპორტსმენებზე: თორნიკე შენგელიათი დაიწყო, განსაკუთრებით, ეს პირველი შემთხვევა იყო. შემდეგ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთიდან მოდიოდა და ბოლო თამაშზე გაუკეთეს კაპიტნის სამკლაური, გაყვეთ შეგიძლიათ „ფეისბუკს“, ყველგან "ნაცების" და "გირჩელების" ბულინგი იყო მასზე. აღარ მინდა გავაგრძელო, ბოლო შემთხვევა იყო მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო რომ კერძო ღონისძიებაზე იყო რუსეთში და იქ იმღერა. კრემლში იყო მიწვეული თუ რაში იყო საქმე? - არა, ვერც ერთ წარმატებულ ადამიანს ვერ იტანენ და ზოგადად, ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930