2-07-2023
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „პირდაპირი ფრენები რუსეთთან იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში“.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს განცხადება შინაარსობრივად სისულელეა და მორიგ ორმაგ სტანდარტს აჩვენებს, რადგან რუსი ტურისტები ევროპაში ერევნის, სტამბულისა და თელ-ავივის გავლითაც შედიან.
„დღეს „ფსიქიატრიული ბოდვების გამავრცელებელი“ საზოგადოება („ოფშორმედიის“ სახით) მიაწერს კელი დეგნანს ისეთ სისულელეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, მისგანაც უკვე ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ, ეს სიგიჟე უკვე ზღვარს კი არა, ჩვენს გალაქტიკას არის აცდენილი. კელი დეგნანი: „პირდაპირი ფრენები რუსეთთან იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ: საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში; ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთის მოსახლეობის ევროპაში გასვლას“.
ათასობით რუსი ისედაც ჩამოდიოდა მოსკოვი-ერევან-თბილისის რეისით და დღესაც ამჯობინებს აღნიშნულ მარშრუტს პირდაპირ ფრენებზე დაწესებული უფრო ძვირი ბილეთების გამო! ლარსის გამშვებ პუნქტს რა ვუყოთ? მექსიკის ტერიტორიაზე გადავიტანოთ? სტამბულის ან თელ-ავივის აეროპორტებიდან ევროპაში ჩასულ რუსებს რას უშვრებით? ადგილზევე ხვრეტთ? გამოცდილებას ვერ გაგვიზიარებთ? ესე იგი, ამ სისულელეს ხომ საელჩოს ანალიტიკოსები აწვდიან გასავრცელებლად? ამაში ხომ კოლოსალური ჯამაგირი აქვთ? თუ თავისით მოსდის თავში? „ხანდახან სჯობს გაჩუმდე, თუნდაც ჩლუნგის შთაბეჭდილება დატოვო ამით, ვიდრე გააღო პირი და ამაში უკანასკნელი ეჭვები გაფანტო“ - სხვათა შორის, რუსული ანდაზაა, ქალბატონო ელჩო, ავკრძალოთ?“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024