3-07-2023
თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა ხუთივე კონტინენტის, 54 ქვეყნის ხუთასზე მეტ მეცნიერს, ამერიკის, ევროპის და აზიის სხვადასხვა სამეცნიერო აკადემიების წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში “მიკრობების ვირუსები”. კონფერენცია 5 დღის განმავლობაში გაიმართება თსუ-ში. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებას, მიკრობიოლოგთა მსოფლიო კონგრესს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი მეცნიერები და მიკროორგანიზმების ვირუსების შესახებ სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხებს განიხილავენ.
„ცხადია, საქართველოში ამ რანგის კონფერენცია სწორედ თსუ-ში უნდა გამართულიყო, რადგან სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი იდგა ამ დარგის სამეცნიერო შესწავლის სათავეებთან და დღესაც, თსუ პროფესორები და სტუდენტები წარმატებით არიან ჩართულები მიკრობთა ვირუსების კვლევების საერთაშორისო კოლაბორაციაში და პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მთელი კაცობრიობა დგას“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დედამიწაზე მიკროორგანიზმების გავრცელების თავისებურებები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
„ამ მიმართულებით ფუნდამენტური კვლევები არის არსებითი მნიშვნელობის. ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის საკითხი დღეს კვლავ რჩება გამოწვევად და შესაბამისად, მათი ჩანაცვლება ბაქტერიოფაგული პრეპარატებით შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უამრავი ახალი მეცნიერული მიმართულება იყოს ათვისებული. და ამ საქმეში ქართველი მეცნიერებისა წვლილი დიდია. დღევანდელი კონფერენცია არის სწორედ ამის გამოძახილი“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის დავით ფრანგიშვილის თქმით, საქართველოში ასეთი მასშტაბის კონფერენციის ჩატარების წინაპირობა არის ქართველი მეცნიერების დიდი ავტორიტეტის შედეგი ვირუსების კვლევის სფეროში და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოში მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების მიმართ ამ დარგში.
„კონგრესი ხელსაყრელია ქართველი მეცნიერებისთვის ერთის მხრივ, რომ გაეცნონ დარგის ბოლო მიღწევებს, მიმდინარე კვლევის შედეგებს, ასევე, წარმოაჩინონ საკუთარი კვლევის შედეგები და გაუზიარონ გამოცდილება უცხოელ კოლეგებს, დაამყარონ ახალი სამეცნიერო კონტაქტები და ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონფერენციაში მონაწილეობა, მათთვის აღებს კარს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. იმედი მაქვს, ყველა თაობის მეცნიერი ისარგებლებს ამ უნიკალური შესაძლებლობით“,- აღნიშნა დავით ფრანგიშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შეეხება მიკრობების ვირუსებს - ვირუსების სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვან და ყველაზე იდუმალ ნაწილს, განიხილება მიკროორგანიზმების ვირუსების ევოლუცია, მრავალფეროვნება, მათი როლი გარემოში და ადამიანის ორგანიზმში და სხვა ფუნდამენტური საკითხები. ყურადღება ეთმობა მიკროორგანიზმების ვირუსების გამოყენებით ასპექტებს, როგორიცაა ახალი ნანო-ბიო-ტექნოლოგიების შექმნა და ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების) გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში.
მიკრობიოლოგიის საზოგადოებების საერთაშორისო კავშირის გამგეობის წევრის, პროფესორ ელიორა რონის (თელ-ავივის უნივერსიტეტი) თქმით, მიკრობების ვირუსების კვლევა არის სფერო, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მათი საშუალებით ვეძებთ ახალ გზებს, რომ ვებრძოლოთ ინფექციებს. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის შესახებ შემაჯამებელი მასალა გამოქვეყნდება ევროპის აკადემიის მიკრობიოლოგიის ჟურნალში.
სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიოფაგების გამოყენების ერთ-ერთი პიონერი და აღიარებული ლიდერი არის თბილისის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, რომელსაც მიმდინარე წელს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. ქართველი მეცნიერებს წამყვანი პოზიციები უკავიათ არა მარტო ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების), არამედ მიკროორგანიზმების კიდევ ერთი ტიპის – არქეების ვირუსების კვლევაშიც. სწორედ ამ გარემოებების ამსახველია ის, რომ მიკრობების ვირუსოლოგების მსოფლიო ფორუმი ტარდება თბილისში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ დარგის მნიშვნელობის გამოვლენას ქართულ სამეცნიერო სივრცეში და მის შემდგომ განვითარებას.
კონფერენციას ერთობლივად ატარებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მიკრობიოლოგთა ასოციაცია და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი. კონფერენციის ორგანიზატორები არიან პროფესორი ნინა ჭანიშვილი და პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი დავით ფრანგიშვილი, ვისი ინიციატივითაც 2010 წელს პასტერის ინსტიტუტში დაარსდა “მიკრობების ვირუსების” კონფერენციების სერია. თბილისის კონფერენციის წინამორბედი ღონისძიებები ჩატარდა ბელგიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ინგლისში და პორტუგალიაში.
16-11-2024
16-11-2024