4-07-2023
„ნაცმოძრაობამ“ 2012 წელს თითქოს ნებაყოფლობით გადააბარა ხელისუფლება, მაგრამ მალევე საკუთარ ამომრჩეველს უთხრეს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ხოლო, თუ როგორ აპირებდნენ ამას, ეს ნათელია - მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური გზით.“, - ამის შესახებ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს იოლად არ ასრულებს და მისთვის საზომი არის ქვეყნის უსაფრთხოება. შესაბამისად, ამომრჩეველი ხედავს, რომ ქვეყანას აქვს ისეთი სუვერენიტეტი, რომელიც არ ჰქონია აქამდე.
„ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით საუბარი „ქართულ ოცნებას“ არ დაუწყია. პირიქით, 2012 წლის შემდეგ კოჰაბიტაციის რეჟიმი გამოცხადდა. ჩვენი ამომრჩეველი რაზეც ყველაზე მეტად გვსაყვედურობდა მაშინაც და დღესაც, სწორედ ეს არის. მაგრამ, ალბათ გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომ არ მოვექცევით მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მოვექცევით ისე, როგორც ჩვენს ერს ეკადრებაო. მაგრამ ეს ვერ გაიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
მათ 2012 წელს თითქოს ნებაყოფლობით გადააბარეს ხელისუფლება, მაგრამ სამ თვეში, შემდეგ ექვს თვეში და ა.შ. საკუთარი ამომრჩევლისადმი მოწოდებები დაიწყეს, რომ არ დაშლილიყვნენ, რადგან ისინი ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებოდნენ. ხოლო, თუ როგორ აპირებდნენ ამას, ეს ნათელია - მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური გზით. ისინი, პრაქტიკულად, სტრესში ამყოფებენ და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ ქვეყანას, როგორც შიგნით, ასევე - გარეთ.
მათი უცხოეთში ვიზიტები ძირითადად ამისთვის არის გამიზნული რომ დერეფნებში იარონ და სიცრუის ტირაჟირება გასწიონ. მათ, რა თქმა უნდა, ჰყავთ თავიანთი პოლიტიკური მხარდამჭერები, რომელთაც ის წარსული უფრო კარგად ახსოვთ, ვიდრე ის, რომ დღეს ქვეყანაში სუვერენიტეტის ხარისხი გაიზარდა, რადგან საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს ასე იოლად არ ასრულებს და მისთვის საზომი არის ქვეყნის უსაფრთხოება.
როგორც ჩანს, დიდ სცენარში გარკვეულ ძალებს აწყობთ და სურთ, რომ ქვეყანა მორჩილი იყოს, რომ საჭადრაკო დაფაზე, სადაც ადგილს მიუთითებენ, იქ შეასრულოს თავისი როლი. მაგრამ, ეს შეუძლებელია, რადგან ქვეყანას როგორი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, ამას საზოგადოება განსაზღვრავს. გარკვეული ძალები დღემდე ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ხელისუფლება სხვაა, ხალხი კი - სხვა. გახსოვთ ალბათ, როდესაც მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, თითქოს კითხვა იყო, გსურთ თუ არა ევროპა, ხელისუფლებას ხმა გააგონეთო, ამ დროს სცენაზე ტექნიკური მთავრობის მოთხოვნით ავარდა ერთ-ერთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც ძირითადად დასავლური ორგანიზაციებიდან ფინანსდება. მათ შორის არიან „დროა“, „გირჩი“, „სირცხვილია“ და ა.შ. და მათ ხელი ეწყობათ, რომ ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით შეცვალონ ხელისუფლება, იმ ფონზე, როცა, დასავლეთიდან თითქოს დეპოლარიზაციას უჭერენ მხარს. მაგალითად, „გირჩი“, რომელსაც სურს, რომ აქტიური დესტრუქციის ხაზი განავითაროს, ახალგაზრდებს იყენებს. მათ ასწავლის, რომ თითქოს გმირობის ტოლფასია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. ამის დაფინანსება მოდის უცხოეთიდან. ასე რომ, დასავლეთიდან ერთი ხელით თითქოს დეპოლარიზაციას ემხრობიან, მეორე მხრივ კი ხელს უწყობენ იმას, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს. თუმცა, ეს მიუღწეველია, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ყველაზე მაღალი სუვერენიტეტი ქვეყანას აქვს დღეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024