6-07-2023
„თუ დაძაბულობის მცდელობა არსებობს, სამწუხაროდ, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მხრიდან არავითარი დაძაბულობა არ არის. ჩვენი მხრიდან ადეკვატური, შესაბამისი პასუხებია, მაშინ, როდესაც, იქიდან ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ან განცხადებაა ხოლმე.“, -ამის შესახებ „მოამბის“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მთავრობასთან მიმართებით ტყუის და ამას ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს.
„უკრაინის მოქალაქეებზე ზრუნავსო - უკრაინის 10 000-ობით მოქალაქე რომ ჰყავს აქ ზელენსკის, რატომ ერთხელ არ მოიკითხა რა ხდებოდა ამ მოქალაქეებთან დაკავშირებით? რატომ არ თქვა ან „მადლობა“, ან, პირიქით, საყვედური - სად არიან ჩემი მოქალაქეებიო? თქვენ გგონიათ, ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს? ხომ აღიარა სააკაშვილმა რომ მისი გადაწყვეტილება არ იყო აქ შემოსვლა და არ იყო სრულად ინფორმირებული? ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება გვეუბნება, ეს სპეცოპერაცია ჩაგვივარდა, სააკაშვილი კარგად ვერ დაიმალა, ახლა გამოუშვით და მეორედ ისე შემოვუშვებთ, ვეღარ გაიგებთო. ზუსტად იმ მიზნით, რა მიზნითაც პირველად შემოუშვეს - სააკაშვილმა თვითონ გააჟღერა ეს, აქ რომ არეულობა უნდოდა. ადრე მტკიცებულებები იყო საჭირო, რომ საზოგადოებისთვის ლოგიკური ჯაჭვი დაგვენახებინა, ახლა ესეც აღარ გვჭირდება - პირდაპირ აღიარებით ჩვენებებს იძლევიან;
რაც არ უნდა გაგვიკეთოს უკრაინამ და რაც არ უნდა თქვას, ის არის ჩვენი მამა-მარჩენალი, არქიფო სეთური და იმას უნდა დავუჯეროთო. ასე ესმით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს სუვერენიტეტი. თურმე რას ვწვალობთ, ევროპაში რატომ დავდივართ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აგერ, კიევში, ზელენსკის გადაწყვეტილება ყოფილა საკმარისი. ეს არის სწორედ მათი პატრონ-ყმური დამოკიდებულება და ფსიქოლოგია. საქართველოს საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება. ამიტომაც არის, რომ ქართულ, რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებაში ნულოვანი სანდოობა აქვს.
ამიტომაც არის, რომ პრეზიდენტს გვარამია შეაწყალებინეს (ვნახეთ ჩვენც, დეპოლარიზაციას შეუწყო ამან ხელი თუ პოლარიზებას). ამიტომაც არის, რომ ახლა სააკაშვილის გამოშვება უნდათ. იმიტომ, რომ ვერ ნახეს ვერავინ, ვის ირგვლივაც შეიძლება, არათუ საზოგადოება, თუნდაც პოლიტიკური სპექტრი რომ გაერთიანდეს. თვითონაც ვერ თანხმდებიან - „ლელო“ ამბობს, მე ვარ ღერძი და ჩემს ირგვლივ უნდა გაერთიანდეთო; „ნაცმოძრაობის“ ორივე შტო ამბობს, ჩემს ირგვლივ უნდა გაერთიანდეთო; ვაშაძე ამბობს - მე ვარ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიო და ეს ხალხი შეთანხმდება იმაზე კოალიციურად, რომელი მინისტრი სად დაინიშნოს? ერთიან განცხადებაზე ვერ თანხმდებიან. ეს რომ დაინახეს უცხოურმა ძალებმა, ვისაც აქ მეორე ფრონტი უნდათ, იმიტომ ვერ გააკეთეს ვერავისზე აქცენტი და ისევ გვარამიას და ახლა უკვე სააკაშვილს მიადგნენ. ეს არის მოცემულობა, ამას აღიარებენ კიდეც. იმას ვერსად ვერ გაექცევიან, რაც ნათქვამი აქვთ.
დანილოვი უშიშროების საბჭოს მდივანია და პარლამენტის წევრმა თქვა, აფხაზეთში გასეირნებასთან დაკავშირებით, წამოსცდა უშიშროების საბჭოს მდივანსო. თუ წამოსცდა, რატომ არ გამოვიდა მეორე დღეს და არ თქვა, წამომცდაო? პირიქით, სხვებმაც გააგრძელეს ეს რიტორიკა. გვეუბნებიან, რომ აფხაზებს და ოსებს უნდა ვესროლოთ - არ მოხდება ეს ამბავი, იმიტომ, რომ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად აღვადგენთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024