7-07-2023
აღმოაჩინე საქართველოm&i-სთან ერთად- საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო ღონისძიებაში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
„საქართველო მასპინძლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალი რეპუტაციის მქონე საქმიანი ტურიზმის ფორუმს m&i, რის ფარგლებშიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე 55 ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში საქართველოს აქვს შესაძლებლობა ღირსეულად წარმოაჩინოს ტურისტული პოტენციალი და პროდუქტი, რომელიც ჩვენ დღეს გაქვს ინფრასტრუქტურისა და სერვისების კუთხით, მეორეს მხრივ ფორუმის ფარგლებში ჩვენ დავაორგანიზეთ შეხვედრა ადგილობრივ კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ ქართულმა კომპანიებმა გაიცნონ ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული წამყვანი კომპანიები შემდგომი ბიზნეს საქმიანობისთვის“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით m&i-ის ფორუმი საქართველოს შემოსავალს მოუტანს და ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წარმატებით ჩატარებული ბიზნეს ფორუმი ჩვენს ქვეყანას მოუტანს 50 მილიონზე მეტ შემოსავალს. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით, მარკეტინგული აქტივობების კუთხით, ასევე მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომ გვქონდეს მეტი საჰაერო წვდომა ევროპასთან და დიდ ბრიტანეთთან“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქმიანი ტურიზმის სფეროში გლობალური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტარდება.
ფორუმის დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოღვაწე მაღალი გაყიდვების მქონე კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.
„ეს პლატფორმა საქმიანი ტურიზმის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენ ამ ფორუმისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, ძალიან მოხარულები ვართ საქართველოშირომ ვიმყოფებით, ევროპიდან საქმიანი ტურიზმის სფეროშისაუკეთესო დამკვეთი კომპანიები ჩამოვიყვანეთ. გასულ წელს ინსპექტირება ჩავატარეთ საქართველოში და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. დღეს მოხარულები ვართ, რომ კომპანიებს საშუალება აქვთ ერთმანეთს შეხვდნენ და დარწმუნდნენ თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში სტუმარმასპინძლობის სფერო. იმედია ამ შეხვედრას დიდი დაინტერესება ექნება, რადგანაც ჩვენ საუკეთესო დამკვეთები ჩამოვიყვანეთ საქართველოში და იმედი მაქვს ძალიან მალე ეს კომპანიები დიდ ჯგუფებს ჩამოიყვანენ და ღონისძიებებს მოაწყობენ თქვენს ქვეყანაში“,-აცხადებს m&i-ს კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.
ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები არიან წარმოდგენილები.
16-11-2024
16-11-2024