8-07-2023
ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, მათი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს ასეთ დროს უფლება მისცეს იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე, სხვა ადამიანზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პრაიდის ფესტივალის“ და პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ყველა კანონგარეშე აქტის პრევენციას მოახდენს და კანონდარღვევაზე რეაგირებაც მკაცრი იქნება. მისი თქმით, მიუღებელია, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ბუნებრივია, სახელმწიფო ნებისმიერი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება. რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას - ეს კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მეტი თავშეკავებით უნდა მიუდგნენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
16-11-2024
16-11-2024