გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ დასრულდა

8-07-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ წარმატებით დასრულდა.

წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად და მასში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


„პარტნიორ 2023“-ში ჩართული იყო ასევე, აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები.


სწავლება საქართველოში სამ ლოკაციაზე, ამბროლაურის, თეთრიწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. სცენარი ეპიდემიის მართვის, ხანძრის კერებზე რეაგირებისა და დივერსიული ჯგუფების აღმოჩენა-განეიტრალების ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრო. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების ამოცანისა და აღსრულების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, მონაწილეებთან შეხვედრისა და სიტყვით მიმართვისას კი, ყურადღება მსგავსი მასშტაბისა და უწყებათაშორისი წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


საჩვენებელ სწავლებასა და „პარტნიორ 2023“-ის დახურვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ერონული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930