10-07-2023
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირები - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, შპს ,,გრინსერვისი +"-ის დირექტორი, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ერთი თანამშრომელი, შპს ,,გრინსერვისი +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი"-ს წარმომადგენელი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი"-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, შპს ,,მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორი და ექსპერტი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე.
სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+"-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.
2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+"-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+"-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ,,მშენ-ექსპერტთან" ხელშეკრულება გააფორმა.
,,მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.
"მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+"-ის თანამშრომელმა . ,მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.
მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი"-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+"-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.
2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +"-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.
,,გრინსერვისი +"-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +"-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი"-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი"-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+"-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.
22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.
„გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გ.ვ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "გრინსერვისი+"-ის დირექტორს ლ.ფ.-ს 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; "გრინსერვისი+"-ის საქმის მწარმოებელს ბ.მ.-ს და „ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელს ლ.ჭ.-ს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. "ნიუ მეტალ დიზაინი"-ს მიერ დაქირავებულ ერთ ხელოსანს გ.გ.-ს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
"გრინსერვისი+"-ის თანამშრომელს დ.კ.-ს 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ხოლო ,,მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორს ნ.ქ.-ს და ამავე კომპანიის ექსპერტს დ.თ-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
რაც შეეხება "ნიუ მეტალ დიზაინი"-ს მიერ დაქირავებულ კიდევ ერთ ხელოსანს ვ.გ.-ს, ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. პროკურატურა სასამართლოს განაჩენს ვ.გ-ს გამართლების ნაწილში და სხვა ბრალდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, ,,მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის" ექსპერტის და სამი იურიდიული პირის ბრალდების საქმეზე.
16-11-2024
16-11-2024