11-07-2023
საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება.
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პროექტზე მსჯელობისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატების კითხვებსა და შენიშვნებს ამომწურავი პასუხები გასცა და „თავდაცვის კოდექსის“ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეროვნული სამხედრო სამსახურის მოდელსა და გადავადების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, გადავადების მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის შესწავლა მეტი გამჭვირვალობისა და ფართო ჩართულობის პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს, სადაც გარკვეულ შემთხვევებში საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და მიდგომა ხდება საჭირო.
„სპორტსმენი იქნება ეს თუ ხელოვანი, როდესაც ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, არის რაღაც, რაც მის ცხოვრებასა და კარიერაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამ შემთხვევაში გადავადების მექანიზმი უბრალოდ, საკითხის შესწავლა უფრო მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. უწყებრივ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყების წარმომადგენლები. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ფინეთისა და ბალტიისპირეთის გამოცდილების საფუძველზე მოვამზადეთ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმა. ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა ამ გამოცდილებას. სწორედ ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაა, რაც ინდივიდუალური საკითხების შესწავლასაც გულისხმობს“, - აღნიშნა გიორგაძემ.
გრიგოლ გიორგაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა „თავდაცვის კოდექსის“ მიზანი, რომელიც როგორც წვევამდელთა, ასევე, პროფესიული სამხედრო სამსახურის გაძლიერებაზე, ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციისა და სამსახურისთვის უკეთესი პირობების შექმნაზეა ორიენტირებული.
უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელმა დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე რეფორმის ამოცანაზე საუბრისას, ერთ-ერთ პრიორიტეტად ტოტალური თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფა, აქტიური რეზერვის გაძლიერება დაასახელა.
„ჩვენ ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს მნიშვნელობა და ამ მიმართულებას ვაძლიერებთ. მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
16-11-2024
16-11-2024