12-07-2023
ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმული იქნება საქართველოს და ნატო-ს მართლაც სამაგალითო თანამშრომლობა, გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და რა თქმა უნდა, გვექნება მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტის დროს იქნა გაჟღერებული - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას.
მისი თქმით, ჩვენ გვჭირდება უფრო გადამწყვეტი გადაწყვეტილებები ნატო-ს სამიტზე, მაგრამ წინ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე სამიტი ძალიან დიდ მოლოდინებს აჩენს თითოეული სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის ვინც არიან წევრები, ასპირანტი წევრები და რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პასუხი იმ აგრესიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. მოლოდინები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში, არამედ მთლიანად კონტინენტისთვის, ვინაიდან ეს კომუნიკე და ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება, იქნება მიშვნელოვანი განსჯის საგანი ერთის მხრივ ყველას მხრიდან და მეორეს მხრივ, ასევე იქნება გარკვეულწილად საგზაო რუკა უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ჩვენს კონტინენტზე.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, სამიტში მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი. ის მონაწილეობას მიიღებს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმული იქნება ის, რომ საქართველოს და ნატო-ს აქვს მართლაც სამაგალითო თანამშრომლობა, გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და რა თქმა უნდა, გვექნება იმის მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტის დროს იქნა გაჟღერებული.
თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს უფრო მეტი და ძლიერი დინამიკა მიეცეს, ვინაიდან ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ამ გადაწყვეტილების მერე, 2008 წლის ომის შემდგომ ძალიან ტრაგიკული მოვლენები განვითარდა საქართველოში, მათ შორის ომი, შემდგომ ყირიმის ანექსია და ა.შ. ანუ, ჩვენ გვჭირდება უფრო გადამწყვეტი გადაწყვეტილებები ნატოს სამიტზე, მაგრამ წინ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, არის გარკვეული საკითხები, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს და ალიანსის წევრებს აქვთ განსხვავებული პოზიციები ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება და ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც შეთანხმდება სამიტზე, იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი აბსოლუტურად ყველასთვის, აგრესორისთვისაც და რა თქმა უნდა დამაიმედებელი გზავნილი ასპირანტი სახელმწიფოებისთვის. „არ მინდა კონკრეტულ მოლოდინებზე წინასწარ ვისაუბრო, ეს არის მთლიანად ორგანიზაციის გადაწყვეტილება, ამ ორგანიზაციაში ყველა წევრის თანხმობაა ამ ყველაფერზე საჭირო, ამიტომ, ჩვენ შეიძლება საერთო გაგება გვქონდეს ბევრ საკითხთან მიმართებაში და საერთო თანხმობა, თუმცა, კონკრეტულ დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
მე არ მივეკუთვნები იმ უპასუხისგებლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რიგებს, რომლებიც აქ უაზრო და უსაფუძვლო მოლოდინებს ქმნიან არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასთან მიმართებაშიც, აქედან გამომდინარე, ჯერ დაველოდოთ გადაწყვეტილებას. თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობდა. ეს მუშაობა ძალიან დიდი ხანია დაწყებულია როგორც კონკრეტულ დედაქალაქებში, ასევე ნატო-ს შტაბ-ბინაში. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა ხელახლა არჩეულმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბატონმა იან სტოლტენბერგმა და ჩვენ გვაქვს მართლაც მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე გაგრძელდება და გაძლიერდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
16-11-2024
16-11-2024