12-07-2023
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, რომელმაც პარტნიორებსა და განსაკუთრებით, ესტონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მონაწილეებს წარმატებები უსურვეს საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არნოლდ კამელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ქართველი კოლეგა მასპინძლობს.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმირების პროცესზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
საუბარი შეეხება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის გაანალიზებას. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია საქართველო მას დამოუკიდებლად ატარებს. კურსზე მომხსენებლები არიან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024