14-07-2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭაში გამოვლინდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ოთხი გამარჯვებული პროექტიდან ორს გრანტს გადასცემს GITA, ორ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.
„გამარჯვებული პროექტები: ბიტპულსი - პროექტის მიზანია კრიპტო და „სთოქ ტრეიდერებისთვის“ სწრაფ რეჟიმში სოციალურ ქსელებში არსებული ტრენდების მიწოდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კრიპტოს/აქციის ფასზე.
ანონიმერი - პროექტის მიზანია საზოგადოების ნაწილს დაეხმაროს საკუთარი აზრის მარტივად გამოხატვაში და სხვადასხვა „კონტენტკრეატორებს“, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მარტივად დაანახოს ხალხის აზრი მათ შეთავაზებულ პროდუქტზე.
ბიომეფუტკრეობის განვითარება SMART ტექნოლოგიების დანერგვის გზით - პროექტის მიზანია მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაწყვეტა ჭკვიანი (SMART) ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ჭკვიანი სკის სისტემა, ჭკვიანი საფუტკრე მეურნეობა და მეურნეობის მართვის აპლიკაცია.
შვირალა - IoT სისტემის გამოყენებით საკალმახე მეურნეობების პროდუქტიულობის და ეფექტურობის ზრდა.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით, შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024