14-07-2023
„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ NATO-ში შესვლას უფრო მიუახლოვდა და ამ გზაზე საქართველოს გაასწრო ისევე, როგორც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ამის თქმა არის დიდი ცინიზმი, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ფასი.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“, „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.
„როდესაც ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ პრინციპში არაფერი შეცვლილა არც უკრაინისთვის, არც - საქართველოსთვის, NATO-ს კარი კვლავ ფართოდ ღიაა ამ ორი ქვეყნისთვისო, ე.ი. ყველაფერი ისევ ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია, მაგრამ ამ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ფასი უკრაინისთვის არის დაახლოებით 15 000 000 ლტოლვილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ნახევარ მილიონამდე გარდაცვლილი ადამიანი, როგორც ჯარისკაცები, ასევე - მშვიდობიანი მოსახლეობა და ა.შ. ამ ფონზე, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაზიდად მიისწრაფვის და ა.შ. როგორ შეიძლება ეს ორი მოცემულობა საერთოდ ერთმანეთს შეადარო? ვინც ამას ახერხებს, მით უმეტეს, რომ უკრაინა საქართველოსთვის მაგალითად გამოჰყავს და თითის შვერით არის დაკავებული, რომ აი, შეხედეთ, არ გრცხვენიათ? კიდევ ერთხელ გაგვასწრესო, - სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს?
ერთადერთი, რაც მკაფიოდ ითქვა ვილნიუსის სამიტზე, ეს არის თარიღი, რა დროსაც უკრაინას, დიდი ალბათობით, მიიღებენ ამ ორგანიზაციაში - ანუ, იმ დღეს, როცა ის რუსეთს ომში დაამარცხებს. ოღონდ, ესეც გაურკვეველია, შეიძლება, კიდევ დამატებითი პერიოდი დასჭირდეს მოსკოვის აღების შემდეგ, იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოოს და ა.შ. იგივე ფორმულა გადმოგვიგდეს საქართველოსთვის - უკრაინის გზას დაადექითო, მეორე ფრონტი გახსენითო, ამ ომში მონაწილეობა მიიღეთო, თქვენც დაამარცხეთ რუსეთიო, მაგრამ, ეს მოგება ავტომატურად იმის ტოლფასი არ იქნება, რომ NATO-ს წევრები გახდებითო.
შეიძლება, ჩვენთანაც რევიზია ჩატარდეს იმ კუთხით, თუ რამდენად ახლოს ვართ NATO-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, ეს არის ცინიზმი. ცინიზმი ნომერი ორი: გადახედეთ დასავლეთის იუმორისტული ჟურნალების სამარცხვინო კარიკატურებს, სადაც ომში გახვეული უკრაინის პრეზიდენტს სამარცხვინო კარიკატურებით ხვდებიან. ამ ფაქტს არც ერთი ჩვენი ოპოზიციონერი თუ ოპოზიციის მხარდამჭერი მედია არ ეხმაურება. და საქართველოზე, რომელიც ჩამორჩენილია თურმე უკრაინას NATO-სკენ მიმავალ გზაზე, არც ერთი კარიკატურა არ კეთდება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024