15-07-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვია.
მთავრობის მეთაურმა ახლადაშენებული მუზეუმი დაათვალიერა.
განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მიაწოდა.
პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ონის მუზეუმის აღჭურვაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მუნიციპალური განვითარების ფონდი კოორდინირებულად იმუშავებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა საჭირო სახსრები. ამჟამად მუზეუმის მიერ მომზადებული კონცეფციის მიხედვით, მიმდინარეობს შესაბამისი პროექტის მომზადება.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით. მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები.
მშენებლობისას გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.
მუზეუმში განთავსდება წლების განმავლობაში დაგროვილი უნიკალური და მნიშვნელოვანი არტეფაქტები. ახალი მუზეუმით ონს შეემატა კიდევ ერთი ეფექტური სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის.
პრემიერ-მინისტრთან ერთად მუზეუმში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024