20-07-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტპედაგოგთან გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე. მისი თქმით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც, თავის მხრივ, მათი მაქსიმალური ჩართულობით არსებული სქემის დახვეწას გულისხმობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს მიერ განხორციელებული თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პედაგოგთა საუკეთესო ინტერესებს.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.
მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.
გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
16-11-2024
16-11-2024