20-07-2023
„სააკაშვილის დედამ პრაქტიკულად აღიარა, რომ კი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი შვილი იქიდან დამეხსნა და გადამერჩინაო“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლონელი ექიმების მეგობრული და ვითომ პირადი ხასიათის ჩამოსვლაც სინამდვილეში გადახდილ თანხას უკავშირდებოდა.
„FARA-ს კანონის შესაბამისად აშშ-ის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტში პირდაპირ წერია, რომ წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტებს, ევროპარლამენტარებს, ხელისუფლებებს, ლიდერებს - ყველას უნდა ემუშაოს ლობისტური კომპანია, იმისათვის, რომ დაარწმუნოს, სააკაშვილს როგორ აწამებენ აქ და რომ აუცილებელია მისი აქედან დახსნა.
ბუნებრივია, პოლონეთიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა და ამ სქემაში მოყვებოდა. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ პოლონეთი სააკაშვილის სამკურნალოდ მათთან გადაყვანას ითხოვდა. რა თქმა უნდა, ეს იმ პიარის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც პრაქტიკულად აღიარა სააკაშვილის დედამ, რომ კი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი შვილი იქიდან დამეხსნა და გადამერჩინაო. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პოლონელი ექიმების მეგობრული და ვითომ პირადი ხასიათის ჩამოსვლაც სინამდვილეში იმ გადახდილ თანხას უკავშირდებოდა. მილიონზე მეტი რომ ოფიციალურად არის გადახდილი, ხომ გასაგებია, დანარჩენი, რამდენი იქნებოდა? მხოლოდ ოფიციალური ნაწილიც რომ ავიღოთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე პირდაპირ დევს ის კონტრაქტი, რასაც ერთის მხრივ გიული ალასანია აწერს ხელს, და მეორე მხრივ, ლობისტური კომპანია „აკერმანი“.
ახლა რომ გამოდიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ამტკიცებენ, არ ვიცით, იქ რა წერიაო, ეს ხომ უარესია? ამით თავისსავე საწინააღმდეგო განაჩენს აწერენ ხელს. გვახსოვს, სამი-ოთხი თვის წინ, ასევე FARA-ს კანონის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ექიმების ანაზღაურების თანხები. პირდაპირ ეწერა იქ - 70 000 დოლარი, 80 000 დოლარი და ა.შ. ალბათ, რაც უფრო მძიმე იქნებოდა დიაგნოზი, მეტს იღებდნენ, ხოლო, წინდებით თუ გაიტანდნენ რაიმეს, შესაძლოა 100 000-ზე მეტიც მიეღოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024