20-07-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი იმ კვლევის შესახებ წერს სოციალურ ქსელში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე NATO-სა და ევროკავშირზე უარს ამბობს.
როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, ეს კვლევა სპეციალურად არის გადამალული საზოგადოებისგან, რათა ყალბი კვლევებით ცრუ აღქმები შეიქმნას.
„ხშირად გვესმის, რისი „გვეშინია“ ჩვენ, რასაც ყოველთვის და კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჩვენ უნდა ვინტერესდებოდეთ - რისი ეშინიათ „მათ“. რაშია მათი „აქილევსის ქუსლი“ და რაშია ჩვენი სიძლიერე და გამარჯვების გასაღები. განსხვავებული მოტივაციის მიუხედავად (ფიზიკური და სულიერი), გამოიკვეთა საქართველოს დასავლელი და ჩრდილოელი მტრების საერთო ინტერესი და ჩვენთან ბრძოლის ძირითადი მიმართულება: კრემლი ცდილობს ფიზიკურად დაანაწევროს იბერიის ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთიანობა, ხოლო „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს ხელი შეუშალოს ამ ერთიანობის აღდგენას ერთ სულიერ ორგანიზმად. 2021 წელი.
ლევან მიქელაძის სახელობის Carnegie Europe ფონდი ატარებს სოციალურ გამოკითხვას, რომლის შედეგებმა იმდენად შოკში ჩააგდო ჩვენი დასავლელი „დაუძინებელი მეგობრები“, რომ მათ დე-ფაქტო გრიფით „საიდუმლო“ მიანიჭეს აღნიშნულ ნაშრომს. ამ კვლევების შედეგები მხოლოდ ვიწრო სპეციალისტების ძიების ხვედრი გახდა - საჯარო სივრცეში მათი გამოქვეყნება ტაბუდადებული იყო.
მაშ ასე, შეკითხვა: „არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოთ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებასა და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას შორის, რომელს აირჩევდით?“. პასუხები: სოფლებში: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სასარგებლოდ - 79%, ევრო და ნატოს ინტეგრაციის სასარგებლოდ - 12%, არ იციან - 7%, უარი პასუხზე - 2%; პატარა ქალაქებში: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სასარგებლოდ - 80%, ევრო და ნატოს ინტეგრაციის სასარგებლოდ - 9%, არ იციან - 9%, უარი პასუხზე - 1%; თბილისში: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სასარგებლოდ - 75%, ევრო და ნატოს ინტეგრაციის სასარგებლოდ - 19%, არ იციან - 5%, უარი პასუხზე - 1%. სწორედ ამ რეალური სურათის დაფარვისა და დამახინჯების მიზნით ზედიზედ ორ ჩატარებულ გამოკვლევაში (2022 წლის შემოდგომა და 2023 წლის გაზაფხული) IRI-მ (როგორც ჩანს) მიიღო დავალება დაეფიქსირებინა განზრახ ფეიკ-შედეგები, სადაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაინტერესებული მოსახლეობა 20%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო NATO-სა და EU ინტეგრაციის მომხრეები წარმოადგენენ - 67% და 86% შესაბამისად.
ამ მანიპულაციებში ყველაზე ცუდი ის არის, რომ: ა) ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიცოდეთ საზოგადოების რეალური განწყობა ფუნდამენტური საკითხების მიმართ, ბ) იკარგება უკანასკნელი ნდობა ამ მკვლევარ შულერებთან დაკავშირებით და გ) იკვეთება ამ ფეიკების დამკვეთი ძალების რეალური სამიზნე - თუ რა წარმოადგენს მათთვის ამ ქვეყანაში საკუთარი დამარცხების წინაპირობას. ანუ... ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს გაერთიანება მისი ღვთაებრივი ზეციური ქოლგის ქვეშ!“., - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024