25-07-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 სასწავლო წლის გამარჯვებულ სტიპენდიატებთან შეხვედრა გამართა, მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
გიორგი ამილახვარი: „დღეს გავმართეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 სასწავლო წლის გამარჯვებული სტიპენდიატების მიღება.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის 150 წარმატებული სტუდენტი, სახელმწიფოს დაფინანსებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას.
ზუსტად 9 წლის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაფუძნდა განათლების საერთაშორისო ცენტრი. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის შექმნის მიმართულებით, რაც დღემდე წარმატებით გრძელდება.
წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ჩემი ინიციატივით დავაწესეთ ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია, რომელიც ყოველ წელს საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს გადაეცემა.
სიამაყით გაცნობებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველი სტიპენდია ვლადიმერ ჭოღოშვილს გადაეცა, რომელიც სწავლას დიდ ბრიტანეთში, ESCP Business School-ში, ენერგეტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ჩვენი წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ისევ დაუბრუნდება და გამოადგება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს განათლების სისტემას. სწორედ ეს დაგვეხმარება გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო და ზოგადად მსოფლიო დგას.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს სტიპენდიატებს. თითოეულ თქვენგანს ნამდვილად განსაკუთრებული მისია გაკისრიათ - თქვენ ქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს. ეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები და მიღებული გამოცდილება ისევ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმაროთ.‘‘
წელს პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დააწესა ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით, რომელიც გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024‘‘ საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს ვლადიმერ ჭოღოშვილს. ვლადიმერ ჭოღოშვილი სწავლას გააგრძელებს დიდ ბრიტანეთში, ESCP Business School-ში, ენერგეტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე და მინისტრის მიერ დაწესებულ სტიპენდიას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023-2024 სასწავლო წლისთვის დააფინანსა 150-მდე სტიპენდიატი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum. ცენტრის მიერ სტუდენტთა დასაფინანსებლად წლევანდელი ჯამური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
სტიპენდიატთა მიღებას პარტნიორი ქვეყნების – უნგრეთის, საფრანგეთის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩეხეთისა და ჩინეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024