30-08-2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მათი მოხმარების მხრივ შექმნილ მძიმე სიტუაციას.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ლევან სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოექსპერტიზის სამმართველოს უფროსის გური მენაბდიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრაში“ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოში უკვე ჰეროინის კუსტარული წესით დამზადება ხდება, რომელსაც მოსახლეობის ჯანმრთელობის მხრივ უდიდესი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. გური მენაბდიშვილის განცხადებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღება მიიქცია: მართლწესრიგის დამცველებს მსგავსი ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამიტომაც დაინტერესდნენ.
თუმცა, როგორც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა, ორგანიზებული დამნაშავეობასთან მებრძოლი მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა ბრიფინგზე, ისედაც ცნობილია, რომ ნარკოსფეროში ძალიან მძიმე სიტუაციაა შექმნილი. ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად დიდი რაოდენობით შემოდის მძიმე ნარკოტიკები, უკვე დაკავებულია 99 ეჭვმიტანილი.
„საქართველოში უკვე თითქმის ტრადიციად იქცა ნარკოტიკების გასაღება-მოხმარება მუსიკალური ფესტივალების დროს, რომელიც შავი ზღვის ნაპირებზე ეწყობა, მაგალითად, ანაკლიაში. ამ ორიოდე დღის წინათ ფესტივალ Anaklia EchoWaves-ის რამდენიმე მონაწილე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით სავადმყოფოში აღმოჩნდა. სამედიცინო დახმარება სულ 253 პირს აღმოუჩინეს, მათგან 11 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, ერთ-ერთი უკვე გარდაიცვალა. ნარკოვაჭრობის გამო პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის ირანის 5 მოქალაქე. სხვათა შორის, საქართველოში მარიხუანას მოწევის ფაქტების აღრიცხვა უკვე აღარ ხდება: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანაბისის მოწევის გამო პასუხისმგებლობა უკვე გაუქმებულია. სკანდალური ფესტივალების ჩატარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უშედეგოდ. უკვე დადებულია კონტრაქტი, რომლის თანახმად, ფესტივალი მომავალ წელსაც მოეწყობა“, - აღნიშნულია სტატიაში.