8-09-2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან.
"მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი. მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული- მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და გთხოვთ, სიტყვა გეძლევათ თქვენ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი უკვე შესრულებული აქვს.
"ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024