გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის სტრატკომი: პრემიერის კერძო ვიზიტისას ბიუჯეტიდან არანაირი ხარჯი არ გაწეულა

10-09-2023

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობას შეეხებოდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 


სტრატკომი განმარტავს, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული, ის არ ანაზღაურებულა ბიუჯეტიდან და მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა.


„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30