15-09-2023
„ეს ხალხი საკუთარ თავში მოიხარშა და მათი პოლიტიკური არსებობა, არის ძალიან საზიანო და აუტანელი,“ - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ სტუმრობისას.
„ეს არის მათი სტანდარტი, რომელსაც მომავალი ვერ ექნება. ეს სტანდარტი დაფუძნებულია ტყუილზე, დესტრუქციაზე. შეხედეთ სადამდე დავიდნენ: პარტიის ხელმძღვანელი, ხაბეიშვილი ჰყავთ, ძალიან უხდებათ; გახსოვთ გვარამია, როგორ ლანძღავდა პრეზიდენტს, ამერიკის ელჩს, რომელიც შემდეგ ქვეყნის ხსნა გახდა? ეს ხალხი საკუთარ თავში მოიხარშა და მათი პოლიტიკური არსებობა, რა თქმა უნდა, ფიზიკურს არ ვგულისხმობ, ღმერთმა კარგად ამყოფოთ, არის ძალიან საზიანო და აუტანელი.
ამიტომ, როდესაც იქნება არჩევნები, არც ისე შორსაა ეს დრო, საარჩევნო წელში თანდათან შევდივართ, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ეს პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ასპარეზიდან განდევნოს, თორემ მუდმივად იქნება ეს სტრესი, მუდმივად იქნება ეს დაძაბულობა, დეზინფორმაცია, ტყუილი და ა.შ. გარდა იმისა, რომ დამღლელია, საზიანოა ქვეყნისათვის,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
იმაზე საუბრისას, თუ რაში გამოიხატება რადიკალური ოპოზიციის მავნებლური ქმედებები, დეპუტატმა სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის გახშირებული ვიზიტი დაასახელა. „ხედავთ, რომ რეისი რეისზე კეთდება, ჩადიან და იძახიან, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი და შემდეგ გამოდიან, რომ ამ სტატუსის მოპოვება სურთ. სუბიექტურიც რომ იყო, უნდა თქვა, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის და არა ისე, რომ გამოხვიდე საკუთარი ქვეყნის მსაჯულად, თან ცუდ მსაჯულად და ამბობდე, რომ ამის ღირსი არ ხარ. აქვე, საჭიროებასაც მინდა გავუსვა ხაზი, რაც ბორელმა ხმამაღლა თქვა და ამას ჩვენც ვამბობდით, ევროკავშირს არანაკლებ ჭირდება საქართველო, ისევე, როგორც საქართველოს ჭირდება ევროკავშირი. მაგრამ ეს უნდა იყოს ურთიერთგაგება, პატივისცემა და არა მე ლექტორი ვარ და შენ სტუდენტი.
მე არ მინდა და მაქვს მოლოდინი, რომ ევროპა არ დაუშვებს შეცდომას და არ მოუწევს მესამედ იმის აღიარება, რომ შეცდა და შესაბამისად, საქართველოს სამართლიანად მიანიჭებს სტატუსს, რომელიც მას ეკუთვნის. უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სამეულში საქართველო სრულიად დამსახურებულად არის ლიდერი და ის სრულიად უსამართლოდ დაისაჯა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი იმასაც შეეხო, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს ქართული საზოგადოება და აღნიშნა, რომ პროტესტის აგორება, მიუხედავად მცდელობებისა, ვერ ხდება. „საზოგადოებაში არ ხდება ქუჩის პროტესტის ფორმირება, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ხან ევროპა გვინდა-არ გვინდა უძახეს, ხან რუსული კანონი დაარქვეს და ხან რა. რატომ არ ხდება ქუჩის პროტესტის ფორმირება? იმიტომ, რომ ადამიანები ხედავენ საქართველოს გარკვეული პირობების სანაცვლოდ, თან სახიფათო პირობების სანაცვლოდ ზოგიერთი ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება და სთავაზობს ამ სტატუსს.
ჩვენ სტატუსი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ საკუთარი უსაფრთხოება გვერდზე გადავდოთ, კონსტიტუციას ფეხით შევდგეთ და ცალ ფეხზე ვიდგეთ. ეს არის სახელმწიფო, ღირსეული, დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ერი და მას აქვს დიდი ფასი რეგიონში და ზოგადად. პარტნიორული ურთიერთობა ნიშნავს, ურთიერთპატივისცემას და არა მასწავლებელ-მოსწავლეობას, უფროს-უმცროსობას, ბიძაშვილ-მამიდაშვილობას, ვასალობას. საზომი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესი. ამ ქვეყნის ინტერესიდან გაიზომება ნებისმიერი რამ, ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება, ნებისმიერი სტატუსის მოპოვება. საზომი იქნება ამ ქვეყნის ინტერესი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024