17-09-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ 18 სექტემბერიდან დაიწყება და შემოიკრებს მათ, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.
„შემოდგომის ლეგენდა“ მეთხუთმეტე სეზონს ახალ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ხვდება. თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „გალფი“. შეთანხმებას ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და კომპანია „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულად ორ ეტაპად იმართება. პირველ ტურში სტუდენტები კონკურსის აპლიკაციას ავსებენ და ნებისმიერი სახის პროზაულ ნაშრომს აგზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია); შემოსული ნაშრომებიდან, შიდა შესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ და ახალ ნაშრომებს უკვე ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე შექმნიან.
ყოველწლიურად კონკურსის ჟიურიში ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები ერთიანდებიან.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და პარტნიორის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
16-11-2024
16-11-2024