გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი: 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება, მათ თავად არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ

21-09-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

 

გიორგი ამილახვარი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმების შექმნა.


ორშაბათიდანვე დავიწყეთ სამინისტროში აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე.


შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ გაუნულებენ არსებულ დავალიანებას.


ჩვენ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ  და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობებისა, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.


აქვე მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ უაღრესად არაკონსტრუქციულ, პროცესების დამაზიანებელ დეზინფორმაციის გავრცელებას – თითქოს სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.


აქვე გეტყვით, რომ პრემიერის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება და შესაბამისად სტუდენტებს და საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ეს ისტორიული, უპრეცედენტო გადაწყვეტილება ეხება:


საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი აქვთ შეჩერებული.

სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.  მოგეხსენებათ, რომ კანონის მიხედვით სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.


სამივე საფეხურის სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.


უმოკლეს ვადებში შემუშავდება ყველა სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები, რომლებიც ორივე მხარეს – უნივერსიტეტებსა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებისგან.


რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის რაოდენობის ფარგლებში დაემატებათ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა და არ შეექმნებათ პრობლემა მათთვის მინიჭებული სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით.


ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი უფლებამოსილია, მიმართოს უნივერსიტეტს, რომელიც თავისი შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვას.“


აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს უნივერსიტეტებმა. კერძოდ, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის უნივერსიტეტმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (ჯიპა), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა, სასწავლო უნივერსიტეტმა – გეომედი, ალტე უნივერსიტეტმა, თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ), ევროპის უნივერსიტეტმა, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტმა – „ალტერბრიჯი‘‘, თბილისის თავისუფალმა აკადემიამ და ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა – „ნიუუნი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930