22-09-2023
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობისთვის", ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს" წევრები, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების" - ლ.მ.-ს და რ.ხ.-ს დავალებით, საქართველოში სისტემატიურად აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს", იხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ქურდული საერთოსთვის" თანხების შეგროვებას. ასევე, ორმა პირმა დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს მიმართა.
2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა") დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 6 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
1-11-2024
1-11-2024