22-09-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა განათლების სისტემის განვითარების კუთხით ხაზი გაუსვა ფრანგულ მხარესთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაფართოების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო პროგრამების დამატებისა და ასევე, საქართველოში დამოუკიდებელი ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის დაფუძნების საკითხებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ალექსანდრა რიხტერი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში, ქეთევან ქურციკიძე.
პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ 2018 წლიდან ხორციელდება და ის წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას.
16-11-2024
16-11-2024