გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტით მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს

22-09-2023

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილი ექნება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს ინტერესები. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა.


„ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი - 51 პროცენტის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 პროცენტის - კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე პრემიერის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარეა წილების ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიის პროექტში.


„ჩვენ გვექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით, უფლებების გარეშე უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როდესაც სტრატეგიულ, კომერციულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი, პოლიტიკურად მეგობარი ქვეყანა, კომერციული კუთხით იყვნენ კონკურენტები, ვერ ითანამშრომლონ და დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როცა დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება" - აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031