გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკოს  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

3-09-2018

 მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა სრულდება.


ცესკოს ინფორმაციით, ორი სექტემბრის მდგომარეობით, 73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე  შემოსულია  13 289  კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე არის იგივე, ჯამში 21 822 დანიშნული წევრი.


„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სხდომის მიმდინარეობისა და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ აღნიშნული სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღება.


საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიური ორგანო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე.


ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისია გასცემს და რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში სასურველია მათ გაითვალისწინონ გარკვეული კრიტერიუმები, როგორიცაა:

  • კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც კანონმდებლობით დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ცესკო მიმართავს უფლებამოსილ პარტიებს, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინება, ასევე მნიშვნელოვანია მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში.


იმის მიუხედავად, რომ კომისიის წევრთა კონკურსისთვის კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გასაუბრების ეტაპს, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის იმ წევრებს, რომელთაც ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად სურთ გაესაუბრონ კონკურსანტებს მათი თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების საკითხიდან გამომდინარე, გასაუბრების პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსანტის წერილობითი თანხმობით“-აცხადებენ ცესკოში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31