გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება

27-09-2023

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე, სადაც ღირსშესანიშნავი ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ; იმ ქვეყნისას, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და წარმოუდგენელი მიღწევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთის გასაოცარმა ცივილიზაციამ, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრადიციებითა და სიმბოლიზმით, მოიპოვა საყოველთაო აღფრთოვანება მისი უსაზღვრო სიღრმით.


"ჩინეთის კულტურული სიმდიდრე ცხადყოფს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში ტრადიციის მატარებელ ძალას და ეფექტს.


ჩინეთის კულტურა, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, გულისხმობს კონფუციანელობას, ხაზს უსვამს პატივისცემასა და იერარქიას, დაოიზმის ჰარმონიას ბუნებასთან და წონასწორობასთან, ტრაპეზში ჩაის როლს და სტუმართმოყვარეობას. ჩინური კალიგრაფია ხოტბას ასხამს ესთეტიკას, ხოლო ჩინეთის დიდი კედელი ისტორიისა და მიზანდასახულობის სიმბოლოა.


მართლაც აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ძველისა და ახლის ეს ჰარმონიული შერწყმა ცხადყოფს, რომ ჩინეთის წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ მისი სამომავლო ამბიციებით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის, როგორც ძალისა და შთაგონების წყაროს, მიმღებლობის უნარით",- განაცხადა პრემიერმა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს.


"ეს მეგობრობა და ეს კავშირი ცხადყოფს, რომ მსგავს ღირებულებებს ძალუძს გეოგრაფიული სივრცეების გადალახვა და ხალხის გაერთიანება კოლექტიურ ძალისხმევაში.


ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრობას და ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას. ჩინეთს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, რომელმაც 31 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენთან დიპლომატიური კავშირები დაამყარა, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს გულებში.


ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს" და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის.


ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს.


ამ კონტექსტში, მოხარული ვარ ხაზი გავუსვა ჩვენს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში - ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის" ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის" გავლით.


შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა. ამის გათვალისწინებით, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი" კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში.


"როდესაც ჩვენი თანამშრომლობის სიღრმეებს ვიაზრებთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვაჭრობა ოდითგანვე იყო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი.


გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა; სხვადასხვა სამინისტრო, უწყება და რეგიონი აქტიურად არიან ჩართულნი ამ ძალისხმევაში. ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა უდავოდ ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას საერთო მიზნებისადმი.


მეგობრებო, მივესალმებით ჩინეთთან აქტიურ თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. ამ მიმართულებით უაღრესად სასიხარულოა ქართული მოსახლეობის მზარდი ინტერესი ჩინური ენისა და კულტურის მიმართ, რაც ადამიანთა შორის აუცილებელი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის ქმნის საფუძველს.


სწორედ ამ გაგებით, ჩვენ ახლახან გამოვეცით განკარგულება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის.


მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930