გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

27-09-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, მათ შორის: დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ყაზახეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.


თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ინფორმაციის თანახმად, მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის თემაა „სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით იმართება.


თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმოიხილა სოციალისტური რეალიზმის ეპოქის მოვლენები ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართულებით. მან ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს შესთავაზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოსცეს ანთოლოგია სოციალისტური რეალიზმის ეპოქის ლიტერატურაზე.


„სოციალისტური რეალიზმი არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდა“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


მათივე ცნობით, სიმპოზიუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა. მასში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ლიტერატურის, არამედ თეატრისა და კინოს მკვლევრები, ასევე - ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები. ღონისძიების მიზანია სოციალისტური ეპოქის მწერლობისა და ხელოვნების ძირითადი და დარგობრივი ტენდენციების შეფასება.


„სოციალისტური რეალიზმი არის ყველაზე გვიანდელი კულტურული გამოცდილება არა მარტო საქართველოსი, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ სოციალისტური იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ. ვფიქრობ, ვალდებული ვართ გადავხედოთ, გადავსინჯოთ და ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი დასკვნები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ პერიოდის კვლევის დროს არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა რატიანმა.


„28, 29 სექტემბერს სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები მუშაობას განაგრძობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.


სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: მრგვალი მაგიდა „ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი“, ხელოვნებათმცოდნეების - თეო ხატიაშვილისა და გოგი გვახარიას მოდერატორობით; დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში თანამედროვე ქართველი ავტორების მონაწილეობით, სახელწოდებით „მწერლები მწერლობის შესახებ“, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მანანა კვაჭანტირაძისა და ფილოლოგიის დოქტორის ადა ნემსაძის მოდერატორობით. მონაწილეობენ: ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, კატო ჯავახიშვილი, რეზო თაბუკაშვილი და სხვ; შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ მწერალ და კინორეჟისორ ნანა ექვთიმიშვილთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930