29-09-2023
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
„აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.
გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით.
ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024