გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: პროექტების განხორციელებაში სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურები გვეხმარებიან

4-09-2018


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ქუთაისში საერთაშორისო სტრუქტურებისა და საელჩოების დახმარებით, აშენდა სასათბურე მეურნეობა, სადაც დევნილებს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოჰყავთ.

ამიშ შესახებ ყოლბაიამ მისი უწყების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

„გვეხმარებიან საერთაშორისო სტრუქტურები, საელჩოებიც. მაგალითად, ჩვენ ქუთაისში, ასევე სამეგრელოს რეგიონში, ავაშენეთ სასათბურე მეურნეობა - ერთი - 1000 კვადრატულ მეტრზე, მეორე - 3 ათას კვადრატულზე, სადაც ჩვენს დევნილებს მოჰყავთ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ეს საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ კარგად მოქმედი მიმართულებაა.

ასევე, ძალიან კარგად წარიმართა კოლხური ბზის, მოცვის მოშენების პროექტები. იცით, რომ კოლხურ ბზას, დაავადების გამო, აფხაზეთში სერიოზული პრობლემა გაუჩნდა და მან მოიცვა სამეგრელოს რეგიონიც. ჩვენ, ჟენევის ფორმატში გადავწყვიტეთ, რომ გვქონოდა ერთობლივი პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე დააფინანსა საერთაშორისო სტრუქტურამ, შემდეგ კი ჩვენ მოვიძიეთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კერძოდ - კავკასიის ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ უკვე კარგი საჯიშე მეურნეობა გვაქვს, როგორც თბილისში, ასევე, დასავლეთ საქართველოშიც და ჩვენს მიერ წარმოებული ნერგები ენგურს გაღმაც გადის. ვცდილობთ აფხაზ კოლეგებთან ურთიერთობას, შევავსოთ ის დანაკლისი, რაც მათ აკლიათ. ამის გარდა, სერიოზულად იმუშავა სანერგე სასათბურე მეურნეობის კონსტრუქციებმა, რომელიც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა, ამით ავამუშავეთ 70-ზე მეტი ინდივიდი, რომელმაც გააშენა სასათბურე მეურნეობა. გააშენეს თავისთვის სასარგებლო კულტურა - ზოგმა ყვავილი, ზოგმა ხეხილი, ზოგმა მწვანილი და ა.შ. ასე რომ, ესეც მოთხოვნადი მიმართულებაა ბაზარზე.

ძალიან კარგი შედეგი მოგვცა ჩეხებთან, ჩეხეთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობამ. აფხაზეთიდან დევნილებს შორის არიან პროფესიონალი მეფუტკრეები, რომლებმაც აქ განავითარეს ეს მეურნეობა. ინვესტორებმა რომ ნახეს ჩვენ მიერ წარმოებული თაფლი, გადაწყვიტეს ჩვენთან ქართული ჯიშის ფუტკრის მოშენება. როგორც ცნობილია, ქართული ჯიშის ფუტკარი, თავისი პროდუქტიულობის გამო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ მის მოსაშენებლად აქ ლაბორატორია შეგვაქმნევინეს. ამ ლაბორატორიაში გამოყვანილი ფუტკარი იყიდება უცხოეთში.

გარდა ამისა, ჩვენ კარგად ვითანამშრომლეთ თურქეთთან. დაახლოებით 3 წლის წინ შევქმენით სამკერვალო საამქრო, სადაც დასაქმებული იყო 25-30 დევნილი. პირველ ეტაპზე თურქებმა აამუშავეს ეს საწარმო, შეუკვეთეს მათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ეს პროდუქცია დევნილებს დაურიგდათ, თუმცა შემდეგ საწარმოს მუშაობა გაუჭირდა, რადგან სჭირდებოდა მასალა, რომლისთვისაც სესხი გახდა საჭირო, სესხს კი მოგეხსენებათ, უზრუნველყოფა სჭირდება.

თუმცა, ვაზიანის დასახლებაში, სადაც დიდი რაოდენობით დევნილი ცხოვრობს, გარდაბნის გამგეობასა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მივაღწიოთ იმას, რომ გარკვეული ამორტიზირებული შენობები, დროებითი სარგებლობის წესით, აფხაზეთის მთავრობისთვის გადმოეცათ, სადაც დაახლოებით მილიონნახევრიანი ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც მოემსახურება, არამარტო დევნილებს, არამედ ყველა იქ მაცხოვრებელს სოციალური ინფრასტრუქტურით - საცხობებით, რიტუალებისთვის განკუთვნილი ობიექტებით და ა.შ.

ასევე, თურქეთის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, კალაუბანზე შეიქმნა ჩვენი ჯანდაცვის ობიექტი - ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის მისაღები, რომელიც ემსახურება არაკონტროლირებადი ტერიტორიდან სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანებს. თუმცა, სამკურნალოდ გადმოსვლის მსურველთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ ეს ობიექტი აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამის გამო, პარალელურ რეჟიმში, ჩვენმა ერთ-ერთმა სსიპ-მა ქუთაისში დამატებით კიდევ 12- საწოლიანი ობიექტი შექმნა, სადაც ჩამოდიან აფხაზები და არა მხოლოდ. ჩვენ ვთვლით, რომ არ ვართ მხოლოდ დევნილების მთავრობა, ჩვენ ვართ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის მთავრობა, იქ არა მხოლოდ ქართველები არიან, არამედ - აფხაზები, რუსები, სომხები, რომელთა სოციალური პირობები ნამდვილად არ არის სახარბიელო.

არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობისთვის იყო დაპირება, რომ რუსეთიდან დიდი ინვესტიციები წამოვიდოდა და შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები, თუმცა, ასეთი რამ ვერ განხორციელდა. რუსეთი ვერ იცლის აფხაზეთისთვის. ამას ემატება იქ არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა და კლანური მმართველობა, რომელიც არ იძლევა რუსეთიდან შესული თანხების გაკონტროლების საშუალებას. ნაწილი ისევ მოსკოვში მიდის, ნაწილი რჩება, თუმცა, ეს ნაწილი რამდენს უნდა გაუნაწილონ - ელიტას, შემსრულებელს, თუ უბრალო მოსახლეს?“- განაცხადა ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუს ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Newspress.ge

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031