5-10-2023
„საქართველოში სადაზღვევო სისტემა თანმიმდევრულად ვითარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში სადაზღვევო სექტორის კანონმდებლობა ინტენსიურად დაახლოების პროცესშია ევროკავშირისა და საერთაშორისო მოთხოვნებთან," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერი მიესალმა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონულ კონფერენციის მონაწილეებს. მისი თქმით, საქართველოში პირველად იმართება დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული სემინარი, რაც იმის აღიარებაა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სადაზღვევო თანამეგობრობის აქტიური წევრია.
დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დამდგენ ორგანოს, რომელშიც გაწევრიანებულია 158 ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველი და რეგულატორი.
ასოციაციის სტანდარტებთან, ეტაპობრივად, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სადაზღვევო სისტემა და კანონმდებლობა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნების დაზღვევის საზედამხედველო უწყებების, აგრეთვე ინდუსტრიისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მოწვეული სტუმრები.
16-11-2024
16-11-2024