8-10-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, სტუდენტობა მიულოცა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
გიორგი ამილახვარი: „ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები! ყველა პირველკურსელს, უნივერსიტეტელს გილოცავთ დღევანდელ დღეს. იცოდეთ ერთი რამ, რომ უნივერსიტეტელობა არის განსაკუთრებული სტატუსი და მიხარია, რომ დღეს აქ ასეთი ბევრნი ხართ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც საქართველოს ისტორიას ინახავს და ბევრი ქარტეხილის მომსწრეა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი საზოგადოების ფორმირებაში. სწორედ ამ უნივერსიტეტის დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე მოვიდა და დღეს ევროატლანტიკურ გზას ადგას. თითოეული ჩვენგანის პირდაპირი ვალია, რომ ამ გზას ბოლომდე გავყვეთ და გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს გვაქვს. ჩვენ ერთად უნდა დავდოთ ევროპული ლელო!
ყველა ჩვენგანის, თითოეული თსუ-ელის ვალდებულებაა, ჩვენი ცოდნით საკუთარი წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს შენებაში. მჯერა, რომ ეს სრულიად გაქვთ გააზრებული და სწორედ ამ შემართებით იწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს.
ზუსტად 22 წლის წინ, მეც თქვენს ადგილზე ვიყავი და დღეს, უკვე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თავიდან ბოლომდე უნივერსიტეტელი მთელი ჩემი ოჯახით, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფართო ასპარეზი შეგიქმნათ თქვენი პოტენციალის რეალიზებისთვის და გქონდეთ საინტერესო, ახალი თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე სტუდენტური ცხოვრება.
ის ფაქტი, რომ თქვენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის ნაწილი გახდით არის მნიშვნელოვანი გამარჯვება და მიღწევა, რასაც კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ. ეს ქვეყანა თქვენია! გახსოვდეთ, სწორედ თქვენზე დგას საქართველოს მომავალი!“
16-11-2024
16-11-2024