8-10-2023
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე მიულოცა.
„ასევე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. მისი როლი არის უაღრესად დიდი ამ ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. მან ძალიან დიდი საძირკველი ჩაუყარა.
ჩვენ ახლახანს, ერთად დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო მეგობარო, გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა", - განაცხადა პრემიერმა.