8-10-2023
მაშინ, როცა ბრიუსელი განიხილავს, უნდა მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, პარალელური დებატები მიმდინარეობს იმ პირობების ირგვლივ, რომლებიც მანდატი უნდა იყოს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი სერგი კაპანაძე წერს. კაპანაძის წერილი „ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის განაჩენი, იქნება ეს დადებითი, უარყოფითი თუ გადადებული 2024 წლამდე, უდავოდ მოიცავს იმ პირობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისთვის. ეს პირობები უნდა იყოს მკაფიო, მტკიცე და კონკრეტული. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველო აკმაყოფილებდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული საწყისი თორმეტი პირობიდან სამს: გენდერული თანასწორობა, დამოუკიდებელი ომბუდსმენი და ECtHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული დაცვა“, – წერს კაპანაძე.
ამასთან, მისი თქმით, გარკვეული საკითხები მოუგვარებელი რჩება, განსაკუთრებით დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
„სხვა სფეროებში, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების, მედიის თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებების ჩათვლით, საქართველომ ნაწილობრივ პროგრესი განიცადა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ბოლო ორი წელი ღირებულ გაკვეთილებს იძლევა. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ყოყმანობს ევროკავშირის პირობების შესრულებაში, განსაკუთრებით იმ პირობების მიმართ, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დომინანტური პოზიციისთვის“, – აღნიშნულია კაპანაძის წერილში.
როგორც სერგი კაპანაძე წერს, ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა მოიცავდეს ათ ძირითად პირობას.
„დეპოლარიზაცია უნდა შენარჩუნდეს, როგორც არსებითი პრიორიტეტი. დეპოლარიზაცია უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დევნის საკითხის მოგვარებას და დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარებას. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს საქართველოს სრული თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. „ქართულ ოცნებაზე“ უნდა განხორციელდეს ზეწოლა, რათა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული მათი გვერდის ავლისთვის. საქართველო ასევე უნდა გაუმკლავდეს რუსეთის გავლენის ზრდას, გამოავლინოს რუსეთის საგარეო საინფორმაციო მანიპულირების ჩარევა და რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ხშირად ჩადიან დანაშაულს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დაუსჯელად“, – წერს კაპანაძე.
როგორც კაპანაძე აცხადებს, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს.
„დემოკრატიული ზედამხედველობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის სფეროში აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის აღდგენაზე. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ჯგუფებს ეფექტური ზედამხედველობის საშუალება უნდა მისცეს, მათ შორის საგამოძიებო კომისიების შექმნისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში გამოძახების გზით. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მარცხია. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს სასამართლო სისტემის გაწმენდა და უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და მკაცრი პროცესი. „ქართული ოცნება“ უკვე სრულად აკონტროლებს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია, მარტივად არ გაითვალისწინოს ნებისმიერი ბუნდოვანება მოთხოვნებში, როგორც არარელევანტური ან უკვე განხორციელებული, ამიტომ ზუსტი ფორმულირებები იქნება მნიშვნელოვანი. ევროკავშირმა პრიორიტეტულად უნდა შეინარჩუნოს ანტიკორუფციული ზომები. ახალი ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შესაბამისად, ევროკავშირმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ბიუროს მიენიჭოს საგამოძიებო ფუნქციები და შეძლოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების განხილვა“, – აღნიშნა კაპანაძემ.
გარდა ამისა, კაპანაძე აცხადებს, დეოლიგარქიზაცია არის ყველაზე საკამათო პირობა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ყველაზე ნაკლებად იმუშავა.
„ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს დაჟინებული მოთხოვნა ოლიგარქიული გავლენის შემცირებაზე სისტემური რეფორმების გზით, როგორც ამას ვენეციის კომისია გვთავაზობს. „ქართული ოცნება“ შეეცდება, თავიდან აიცილოს ეს ვალდებულება, რათა არ განაწყენდეს პარტიის არაფორმალურად პასუხისმგებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ევროკავშირს შეუძლია მიუთითოს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა კრიტიკულ მედიასაშუალებების ბოიკოტირებისა და მედიასთან დიალოგში არჩართვა, ხელს უწყობს საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეთხოვოს, დაუშვას არასამთავრობო სექტორის შეუფერხებელი ფუნქციონირება, შეწყვიტოს მათი საქმიანობის საფრთხის ქვეშ დაყენების მცდელობა სამართლებრივი ინსტრუმენტებით ან დამამცირებელი პროპაგანდით. ევროკავშირმა უნდა მოსთხოვოს საქართველოს, აირჩიოს ადამიანის და უმცირესობათა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა LGBTQI+ თემი“, – წერს სერგი კაპანაძე.